აპლიკაციით დასაქმებული ტაქსის მძღოლები პროფკავშირებთან ერთად მსვლელობა-აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეები „ჰუალინგ პლაზის“ მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობით რესპუბლიკის მოედნისკენ მიემართებიან, სადაც საპროტესტო აქციას მოაწყობენ და მათ მოთხოვნებს გააჟღერებენ.
აპლიკაციით დასაქმებული ტაქსის მძღოლების მოთხოვნებია, რომ კომპანიების მხრიდან ერთპიროვნულად არ მოხდეს ტარიფების გადახედვა, ამასთან, ისინი თბილისის მერიას მოუწოდებენ, რომ A და B კატეგორიის მძღოლები თანაბარ პირობებში ჩააყენონ. გარდა ამისა, ხელისუფლებას მოუწოდებენ, პროცესებში ჩაერთონ, როგორც მედიატორები და მოლაპარაკების მაგიდასთან, როგორც დამკვეთი კომპანიები, ასევე, დასაქმებულები დასვან.
„ჩვენი პროტესტი ეხება ტაქსის ბაზარზე არსებულ პრობლემებს, რომელიც გამოწვეულია ტარიფებით, ასევე, გამოწვეულია მთავრობის მხრიდან უყურადღებობით - კერძოდ, გაცემულია ამდენი ლიცენზია. გარკვეული კატეგორიის მანქანებს აქვთ „ბასლაინში“ შესვლის უფლება. ჩვენ, ვისაც B კატეგორია გვაქვს, „ბასლაინს“ ვერ ვკვეთთ, გაჩერებული მანქანა უკონტაქტო პატრულისგან პირდაპირ ჯარიმაა. ტარიფები გაუთანაბრდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ღირებულებებს, მაგრამ არავინ ითვალისწინებს მანქანის ცვეთას, მძღოლის დახარჯულ დროს, არავინ ითვალისწინებს საწვავის ფასს. როგორც კი ქართულმა კომპანიამ გადმოიბარა “იანდექსი”, თუ არ ვცდები 16 იანვარი იყო, ეგრევე პროცენტი მოემატა ანუ ვიხდიდით 12+5, ახლა ვიხდით 15+5. ჩვენ ამის დაწევასაც ვითხოვთ, იმიტომ, რომ არაფერი გვრჩება.
ჩვენი მოთხოვნები გავაგზავნეთ „იანდექსში“, მაგრამ იქიდანაც ყურადღება და რეაქცია არის ნული. ამასთან, ვითხოვთ მთავრობის მხრიდან წარმომადგენელს, რომელიც მედიატორის მოვალეობას შეითავსებს და ჩვენ მოლაპარაკების მაგიდასთან დაგვსვამს, რომ ჩვენი პირობები განვიხილოთ“, - განაცხადა ერთ-ერთმა ტაქსის მძღოლმა, ზურაბ ბუნტურმა.
პროფკავშირების წარმომადგენლის თქმით კი, აპლიკაციით დასაქმებული ტაქსის მძღოლები უკვე რამდენიმე თვეა თავიანთ პრობლემებზე საჯაროდ საუბრობენ, მაგრამ მათ ყურადღებას არც დამკვეთი კომპანიები და არც ხელისუფლება აქცევს.
„მიზანი ამ შეკრების და პროტესტის არის ის, რომ საზოგადოების ყურადღება ტაქსის მძღოლებმა მიიქციონ. მათი ძირითადი მოთხოვნები არის ის, რომ ტარიფების გადახედვა მოხდეს, ეს უხილავი კომპანია ტარიფს რომ უდგენს, ცალმხრივად ტარიფების აწევა ან დაწევა არ უნდა მოხდეს. ასევე, საკომისიოს გაზრდა, რომელიც მძღოლებს კისერზე აწვებათ, ამასთან, “ბასლაინების” და პარკინგების საკითხი. ტაქსის კომპანიებში დასაქმებულებმა პროფკავშირებს მოგვმართეს, რომ მათთვის კონსულტაციები გაგვეწია“, - განაცხადა პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენელმა, გიორგი ტყემალაძემ.