ოპერატიულ-სტრატეგიული ჯარების ჯგუფის, „ტავრიას“ სპიკერის, დიმიტრი ლიხოვის განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის სოფელ ლასტოჩკინოდან უკან დაიხიეს. მისი თქმით, მოწინააღმდეგის ზეწოლის მიუხედავად, უკრაინის ქვედანაყოფები აქტიურ თავდაცვას ახორციელებენ და მანევრირებულად მოქმედებენ. ამ დრომდე ყველაზე ცხელ მიმართულებებად ავდიივკა და მარინკა რჩება. ლიხოვის განმარტებით, უკრაინულმა ჯარებმა ავდიივკას მიმართულებით მტრის 25, მარინკაში კი 40 შეტევა მოიგერიეს. მისივე თქმით, უკრაინელების ლასტოჩკინოდან გასვლა ორლოვკა-ბერდიჩის დასახლებების ხაზის გასწვრივ თავდაცვის ორგანიზებისა და მტრის შემდგომი წინსვლის აღკვეთის მიზნით მოხდა. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყანას მოკავშირეებისგან არტილერია და საჰაერო თავდაცვის საშუალებები სასწრაფოდ ესაჭიროება. პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ მოკავშირეები შესაბამის ნაბიჯებს მოკლე დროში გადადგამენ და უკრაინას შესაბამის დახმარებას გაუწევენ.