მმართველი პარტია სასამართლოში ე.წ ვეტინგის სისტემის დანერგვის წინააღმდეგია. ქართულმა ოცნებამ კვლავ არასამთავრობო ორგანიზაციებზე და ოპონენტებზე მიიტანა იერიში და აღნიშნა, რომ დონორები მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების პირით ამბობენ, რომ სურთ ქვეყანაში მოსამართლეები უცხოელების მონაწილეობით დაინიშნონ. მმართველი პარტიის შეფასებით, ეს ეწინააღმდეგება ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიას და ნიშნავს, რომ მათთვის საქართველოს სახელმწიფო არ არსებობს. ოპოზიცია კი სასამართლო სისტემის რეფორმის საჭიროებაზე საუბრობს. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების გარეშე, სასამართლოში არსებული მძიმე ვითარება ვერ გამოსწორდება.