აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი თეთრ სახლში კონგრესის ლიდერებს, მათ შორის პალატის სპიკერს მაიკ ჯონსონს, შეხვდება, რათა ხელი შეუწყოს უკრაინის დახმარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დაჩქარებას, - ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შეხვედრა სამშაბათს გაიმართება და მისი მიზანია მოკავშირეებისთვის, მათ შორის უკრაინისთვის, მილიარდობით დოლარის გადაუდებელი დახმარების გახსნა და აშშ-ის მთავრობის დახურვის თავიდან აცილება.
„პრეზიდენტი ბაიდენი განიხილავს ეროვნული უსაფრთხოებისა და მთავრობის ღიად შენარჩუნების შესახებ ორპარტიული დოკუმენტის სწრაფად მიღების აუცილებლობას“, - აღნიშნულია თეთრი სახლის პრესრელიზში.
ჯონსონის ოფისმა ასევე დაადასტურა, რომ სპიკერი შეხვედრაზე დასწრებას გეგმავს. მასში ასევე მონაწილეობას მიიღებენ სენატის უმრავლესობის ლიდერი ჩაკ შუმერი, სენატის უმცირესობის ლიდერი მიჩ მაკკონელი და წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერი ჰაკიმ ჯეფრისი.