ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, საარჩევნო კოდექსში შეტანილი ბოლო ცვლილებები, ეუთო ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს. დელეგაციის თანახმად, ცვლილებებმა, რაც პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო შესაძლოა, კიდევ უფრო შეამციროს ნდობა ცესკოს მიმართ. NDI-ის 2024 წლის პირველი წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისია დასრულდა. სადამკვირვებლო დელეგაცია საარჩევნო პროცესების გაუმჯობესების მიზნით კონკრეტულ რეკომენდაციებს გასცემს. გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია ყველა შესაბამის უწყებას მოუწოდებს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულ პირობებში ჩასატარებლად ყველაფერი გააკეთონ. დელეგაციის წარმომადგენლებმა ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ პოლარიზაციის კუთხით არსებული ვითარებას დროულ რეაგირებას საჭირობს. მათივე განმარტებით, ახლა მთავარია ცესკომ ყველაფერი გააკეთოს, რათა არჩევნების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით არსებული ეჭვები გააქარწყლოს. ყურადღება გამახვილდა უკვე მიღწეულ შედეგებზეც.