არაღიარებული დნესტრისპირეთის რესპუბლიკის ე.წ. “დეპუტატები” რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისთვის მიმართვას და რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თხოვნას გეგმავენ. უკრაინული მედიის ცნობით, ოკუპირებული რეგიონის ე.წ. “ხელმძღვანელობა” 28 თებერვალს “ყველა დონის დეპუტატის სხდომას” გეგმავს, რომელსაც დნესტრისპირეთის ე.წ. “პარლამენტის”, ასევე რაიონული, საქალაქო და სოფლის საბჭოების დე-ფაქტო “დეპუტატები” დაესწრებიან და რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინს მიმართავენ. სხდომის ადგილი, მონაწილეები და თარიღი უკვე დადგენილია, თუმცა გადაწყვეტილება, რომლის გამოც ე.წ. “დეპუტატები” იკრიბებიან, ოფიციალურად გამოცხადებული ჯერ არ არის. დნესტრისპირეთის დე-ფაქტო დეპუტატის, ვადიმ კრავჩუკის განცხადებით, სხდომის მიზანია დაადასტუროს, რომ ტირასპოლს რუსეთის შემადგენლობაში შესვლა კვლავაც სურს. კიდევ ერთმა ე.წ. “დეპუტატმა”, გენადი ჩორბამ აღნიშნა, რომ სხდომის ჩატარება 28 თებერვალს იგეგმება, ხოლო 29 თებერვალს პუტინმა რუსეთის პარლამენტს სიტყვით უნდა მიმართოს.