უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ოდესას დრონებითა და რაკეტებით დაარტყეს, რის შედეგადაც სამოქალაქო ობიექტში ხანძარი გაჩნდა და ერთი ადამიანი დაიღუპა. მათივე ინფორმაციით, ოკუპანტებმა ოდესას Shahed-ის დრონებითა და რაკეტებით შეუტიეს. ერთ-ერთი ჩამოგდებული დრონი ოდესის სანაპირო ზონაში საწარმოს შენობას დაეცა, რასაც ნგრევა და ხანძარი მოჰყვა. ხანძრის ქრობისას მაშველებმა ერთი გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, შენობაში, შესაძლოა, სხვა პირებიც ყოფილიყვნენ. რუსებმა ე.წ. „კამიკაძე“ დრონებით უკრაინის სხვა ტერიტორიებსაც შეუტიეს. დნეპროპეტროვსკის ოლქის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის განცხადებით, დნიპროში უპილოტო საფრენმა აპარატმა მაღალსართულიან შენობას დაარტყა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.