* ასტრიდ ლინდგრენი -
მართალია, მსოფლიომ ასტრიდ ლინდგრენი არაჩვეულებრივი საბავშვო მოთხრობების „პეპი გრძელიწინდას“, „ბიჭუნა და კარლსონის“, „კალე ბლუმკვისტისა“ და სხვა წყალობით გაიცნო, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ წარმატებულ კარიერამდე მწერალი შვედეთის დაზვერვაში სამსახურში მსახურობდა და სამხედრო დღიურებს წერდა. ამასთანავე, ლინდგრენი, რომელმაც ადრეული ასაკიდანვე შეიძინა ბუნტისთავის რეპუტაცია, ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ჟურნალისტი, მოგვიანებით კი, ხელგაშლილი მეცენატი გახდა.
* ასტრიდ ერიქსონი -
ასტრიდ ერიქსონი 1907 წლის 14 ნოემბერს დაიბადა შვედეთის პატარა ქალაქ ვიმებრიუში, ფერმერების ოჯახში. მისმა მშობლებმა - სამუელ ავგუსტ ერიქსონმა და ჰანა იონსონმა ბავშვობაში გაიცნეს ერთმანეთი ბაზარში, როცა ორივე მშობლების მიწაზე მოყვანილ ხილსა და ბოსტნეულს ჰყიდდა, უკვე სრულწლოვანებმა კი, დიდხანს აღარ იფიქრეს და სწრაფად დაიწერეს ჯვარი. ასტრიდს, რომელიც მათი მეორე შვილი გახდა, უფროსი ძმა და ორი უმცროსი და ჰყავდა.
როგორც თავად მწერალმა მოგვიანებით აღნიშნა ავტობიოგრაფიული მოთხრობების კრებულში „ჩემი გამონაგონი“, უდარდელი და ძალიან ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა, რადგან „ცხოვრების ტემპი ბევრად ნელი, გართობა - ბევრად მარტივი, ბუნებასთან ურთიერთობა კი, - ბევრად მჭიდრო იყო, ვიდრე თანამედროვე სამყაროში და სწორედ ამგვარი ლაღი ცხოვრება იქცა მისი შემოქმედების მთავარ შთაგონებად“, მით უფრო, რომ მშობლებს ერთმანეთიც ძალიან უყვარდათ და შვილებიც, რასაც საჯაროდ დემონსტრირებდნენ და მართალია, ხშირად გაკიცხვას იმსახურებდნენ, რადგან 1900-იანი წლების შვედეთში მსგავსი სენტიმენტები მიუღებელი იყო, მაგრამ ნაკლებად ინტერესდებოდნენ საზოგადოებრივი აზრით.
* ბუნტისთავი -
1920-იანი წლების დასაწყისში ევროპაში ე.წ. „გარსონის“ (რაც ფრანგულად „ბიჭს“ ნიშნავს) სტილმა მოიპოვა პოპულარობა. ფეხი აუწყვეს მოდას ახალგაზრდა ქალბატონებმა შვედეთის მსხვილ ქალაქებშიც, რომელთაც შარვლები ჩაიცვეს და ჰალსტუხები გაიკეთეს, თმა კი მოკლედ, ბიჭურად შეიჭრეს.
არ ჩამორჩა დანარჩენებს არც მოზარდი ასტრიდი, რომელიც ყოველთვის იშვიათი სითამამით გამოირჩეოდა. ფრეკენ ერიქსონი ერთ-ერთი პირველი გახდა ვიმებრიუში, ვინც მამაკაცური სტილი მოირგო და ნამდვილ შოკში ჩააგდო კონსერვატორული ქალაქის მოსახლეობა, რომელმაც ასტრიდის გამოხდომა წარმოუდგენელ თავხედობად მიიჩნია. როგორც ჩანს, სწორედ იმ პერიოდში გამოვლინდა პირველად იმ ბუნტისთავის და თავისუფლების მოყვარე ქალის ხასიათი, რომელმაც 20 წლის შემდეგ „პეპი გრძელიწინდა“ შექმნა.
* 16 წლის ჟურნალისტი -
სკოლის დასრულების შემდეგ ასტრიდმა მშობლების პროტესტის მიუხედავად დაიწყო მუშაობა ქალაქის მთავარ გაზეთში Vimmerby Tidning-ში. იმ პერიოდში ჟურნალისტიკა ნამდვილ მამაკაცურ პროფესიად ითვლებოდა, ახალგაზრდა ქალები კი, მხოლოდ მდივნის პოზიციით კმაყოფილდებოდნენ რედაქციაში. თუმცა, გაზეთის რედაქტორმა რეინჰოლდ ბლონბერგმა, რომელიც მანამდეც კარგად იცნობდა თამამი მოზარდის შესაძლებლობებს, რადგან სწორედ მან დაბეჭდა ერიქსონის სკოლის პერიოდში შექმნილი მოთხრობები, სიამოვნებით მიიღო 16 წლის ასტრიდი სამსახურში, სადაც თითქმის ორი წელი იმუშავა მოკლე შენიშვნებსა და ჩანახატებზე.
* ახალგაზრდა დედა -
გაზეთში მუშაობისას ასტრიდმა სწორედ მთავარ რედაქტორთან გააბა რომანი, რომელიც 30 წლით იყო მასზე უფროსი და შვიდი შვილი ჰყავდა. დაორსულებულმა ასტრიდმა, რომელმაც ბავშვის შენარჩუნება გადაწყვიტა, თუმცა უარი თქვა მის მამასთან ურთიერთობაზე, მაინც ვერ დააღწია თავი სკანდალს, რადგან იმ პერიოდის შვედეთში, მით უფრო პატარა პროვინციულ ქალაქში, 19 წლის მარტოხელა დედა, რომელმაც ორჯერ უფროსი, დაოჯახებული მამაკაცისგან გააჩინა ბავშვი ყველა ზნეობრივ ნორმას სცდებოდა.
„საშინელებაა, როცა ქუჩაში გავლისას ყველა ზიზღით და სიძულვილით გაყოლებს თვალს, ზურგს უკან კი, მილიონ სისაძაგლეს იგონებენ შენზე. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს გველებით სავსე ორმოში ჩამაგდეს, რომლებიც ერთმანეთს ასწრებდნენ ჩემს დაკბენას“, - მემუარებში გაიხსენა ლინდგრენმა, რომელიც „გველების ორმოდან“ თავის დაღწევის სურვილით ჯერ სტოკჰოლმში გადაბარგდა მერე დანიაში, სადაც მარტოხელა დედებს ბიოლოგიური მამის ვინაობის გამხელის გარეშე ეძლეოდათ ბავშვის გაჩენის უფლება.
1926 წლის 4 დეკემბერს პატარა ბიჭუნა - ლასე დაიბადა, რომელიც მთელი სამი წელი ცხოვრობდა მეურვე ოჯახში, ასტრიდი კი, მხოლოდ კვირაში ერთხელ სტუმრობდა. მართალია, ლინდგრენი მძიმედ განიცდიდა შვილთან განშორებას, რაც მოგვიანებით ავტობიოგრაფიაშიც საოცარი ტკივილითა და დანაშაულის გრძნობით გაიხსენა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა, რადგან იმ პერიოდში სერიოზულ ფინანსურ კრიზისს განიცდიდა.
.
* შიმშილი და დეპრესია -
შვილის კოპენჰაგენში დატოვების შემდეგ ასტრიდი სტოკჰოლმში დაბრუნდა და სტენოგრაფიის კურსებზე ჩააბარა. მწერლის განცხადებით, სწორედ 1920-იანი წლების ბოლო აღმოჩნდა მისთვის უმძიმესი, რადგან ერთის მხრივ, სრულ სიღატაკეში მოუწია ცხოვრება, როცა საკვების ფულიც არ ჰქონდა, მეორეს მხრივ, შვილთან განშორებას და ოჯახის წევრების გაუცხოებას განიცდიდა, რომლებიც ხმამაღლა არასდროს კიცხავდნენ, თუმცა ბრაზი და წყენა ყველა წერილში იგრძნობოდა. ასტრიდი მძიმე დეპრესიამ შეიპყრო და რამდენჯერმე სცადა სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულება, თუმცა ისევ შვილსა და მის მომავალზე ფიქრმა არ მისცა საბედისწერო ნაბიჯის გადადგმის უფლება.
* ქორწინება -
სტენოგრაფიის კურსების დასრულების შემდეგ ასტრიდი ჯერ წიგნის მაღაზიაში, მერე
სამეფო საავტომობილო კლუბში მოეწყო სამუშაოდ, სადაც მომავალი მეუღლე სტურე ლინდგრენი გაიცნო. წყვილმა 1931 წელს იქორწინა, ასტრიდმა დიდ ხნის მონატრებული შვილი დაიბრუნა, სამი წლის შემდეგ კი, გოგონა კარინი შეეძინა. მწერალი მთელი ცხოვრება ემადლიერებოდა მეუღლეს, რომელმაც არა მხოლოდ საკუთარი გვარი მისცა, არამედ შვილთან ერთად გადაარჩინა სიღატაკისა და გარდაუვალი დაღუპვისგან.
* კომერციული მოთხრობები -
მართალია, ოჯახის შექმნის შემდეგ ასტრიდი შვილების აღზრდას უფრო მეტ დროს უთმობდა, ვიდრე პროფესიულ საქმიანობას, მაგრამ 1930-იან წლებში მაინც დაიბეჭდა პრესაში მისი რამდენიმე მოთხრობა. მეტიც, 1935 წლის დეკემბრის თვეში ერთ-ერთმა ჟურნალმა ლინდგრენს საშობაო ზღაპრის შექმნა შესთავაზა. ბავშვებისთვის დაწერილმა მოთხრობამ სწრაფად მოიპოვა პოპულარობა, რასაც კიდევ რამდენიმე მოკლე ისტორია მოჰყვა.
მართალია, ლინდგრენის ადრეული ნამუშევრები ნაკლებად გამოირჩეოდა მისთვის დამახასიათებელი ხალასი იუმორით, ორიგინალური სიუჟეტებითა და კოლორიტული პერსონაჟებით, რადგან მეტწილად იმ პერიოდის სკანდინავიურ ლიტერატურაში არსებულ მორალურ, ერთგვარ დამრიგებლურ ტონს ერგებოდა, მაგრამ მოგვიანებით მწერალმა უარი თქვა კომპრომისზე და საკუთარი სტილი შეიმუშავა, რომელიც უცხო და სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა საბავშვო ლიტერატურისთვის.
* კალე ბლუმკვისტის პროტოტიპი -
ლიტერატურული წარმატების მიუხედავად, 1937 წელს ასტრიდმა სტიკჰოლმის უნივერსიტეტში დაიწყო მუშაობა კრიმინოლოგიის დოცენტის ჰარი სედერმანის თანაშემწედ. ბრწყინვალე კრიმინალისტი, რომელმაც ერთ-ერთი პირველი კერძო დეტექტიური სააგენტო შექმნა შვედეთში, მსოფლიო აღიარება კი, სასამართლო ექსპერტიზის უნიკალური მეთოდების შემუშავებით მოიპოვა, რამდენიმე წლის შემდეგ ლინდგრენის ცნობილი პერსონაჟის კალე ბლუმკვისტის პროტოტიპი გახდა.
* „საომარი დღიურები“ -
1939 წელს, მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, ლინდგრენმა დღიურის წერა დაიწყო, რომელშიც არა მხოლოდ საბრძოლო მოქმედებებს აღწერდა, არამედ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციაზე აკეთებდა კომენტარს და საკუთარ ყოველდღიურ ცხოვრებაზე ჰყვებოდა.
„დღეს ომი დაიწყო, თუმცა არავის უნდა ამის დაჯერება. გუშინ, მთელი დღე ელზა გულანდერთან ერთად გავატარე, ბავშვები პარკში თამაშობდნენ, ჩვენ კი, ჰიტლერზე ვსაუბრობდით და დარწმუნებული ვიყავით, რომ ომს გადავრჩებოდით, თუმცა ვერ გადავრჩით და დღეს ომი დაიწყო“, - სწორედ ამგვარი შესავალი წაუმძღვარა ასტრიდმა საკუთარ დღიურებს, რომლებზეც 1939-1945 წლებში მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ 17 ტომად გაერთიანებული ჩანაწერები 2015 წელს გამოქვეყნდა პირველად და რამდენიმე კვირაში იქცა ბესტსელერად.
* შვედური დაზვერვა -
1940 წლის ზაფხულში ძველი მეგობრის ჰარი სედერმანის შეთავაზებით ასტრიდმა შვედეთის დაზვერვის სამსახურის საიდუმლო განყოფილებაში დაიწყო მუშაობა, სადაც სამხედრო ფოსტას ეცნობოდა და უცხოეთიდან მიღებულ წერილებს აანალიზებდა. სწორედ დაზვერვის სამსახურში, სამხედრო წერილების წყალობით გააცნობიერა ლინდგრენმა ნაციზმის მთელი საშინელება, რომელსაც საკუთარ დღიურებში „ბოროტი ცხოველი“ უწოდა.
* „პეპი გრძელიწინდა“ –
მოთხრობა „პეპი გრძელიწინდა“, რომელიც ლინდგრენის პირველ მოცულობით ნამუშევრად, მერე კი, ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნაწარმოებად იქცა, თავიდან რამდენიმე გამომცემლობამ დაიწუნა. ორიგინალური ისტორია ასტრიდმა ჯერ ცნობილ გამომცემელს ალბერტ ბონიეს გაუგზავნა, მერე ელზა ოლენიუს, თუმცა ორივემ მკვახე კომენტარებით დაუბრუნა უკან. მოგვიანებით, ლინდგრენმა ახლად შექმნილი გამომცემლობის Rabén & Sjögren-ის კონკურსში მიიღო მონაწილეობა, თუმცა მისმა მოთხრობამ მხოლოდ მეორე ადგილი დაიკავა, გამომცემლობამ კი, მარტო იმიტომ გამოსცა პეპის ისტორია, რომ უკეთესი ალტერნატივა არ აღმოაჩნდა.
თუმცა, 1945 წელს წიგნმა ყველასთვის მოულოდნელად მოიპოვა პოპულარობა და მწერალს ახალი ისტორიების შექმნა შთააგონა ახალი გმირებითა და სიუჟეტებით. სხვათა შორის, პეპი გრძელიწინდას პერსონაჟი, ასტრიდის შვილმა - კარინმა გამოიგონა, მერე კი, დედას სთხოვა მასზე ისტორიის შექმნა.
* ბუნების დამცველი -
1980-იანი წლების დასაწყისში, ლინდგრენი, რომელმაც ბავშვობაში შეიყვარა მკაცრი სკანდინავური ბუნება, უკვე ზრდასრულმა კი, შვილებს გადასცა მემკვიდრეობით საკუთარი სიყვარული, შვედეთის ეკოლოგიურ მოძრაობას ჩაუდგა სათავეში.
1981 წელს მწერალმა ბირთვული ენერგეტიკის მოხმარება გააპროტესტა და შვედეთის მთავრობას ენერგიის ალტერნატიული წყაროს მოძიებისკენ მოუწოდა, ერთი წლის შემდეგ კი, რამდენიმე სტატია გამოაქვეყნა ჟურნალში Expressen და კოლეგებთან ერთად დაუჭირა ახალი კანონის მიღებას, რომელიც არა მხოლოდ ბირთვული ენერგეტიკის წინააღმდეგ ილაშქრებდა, არამედ ბუნებრივი ლანდშაფტისა და გარეული ცხოველების დაცვის ახალი მექანიზმების შემოღებასაც ითვალისწინებდა. ამბობენ, თითქოს, სწორედ ლინდგრენის მოთხრობებმა და კრიტიკულმა სტატიებმა განაპირობეს შვედეთის ეკოლოგიური კანონმდებლობის კარდინალურად შეცვლა.
* ქველმოქმედება -
ასტრიდ ლინდგრენი, რომელიც ბავშვებში უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობდა, ვიდრე უფროსებში, ყოველთვის უამრავ წერილს ღებულობდა. მოზარდები არა მხოლოდ აზრს უზიარებდნენ და ახალ იდეებს სთავაზობდნენ, არამედ საკუთარ პრობლემებზეც მოუთხრობდნენ. მოზარდების უმეტესობასთან მწერალი წლების მანძილზე მეგობრობდა და ზოგს რჩევით, ზოგს კი, ფინანსურად ეხმარებოდა. მეტიც, საერთო ჯამში ლინდგრენმა 10 მილიონზე მეტი კრონი გადაურიცხა სხვადასხვა ფონდებსა და კერძო პირებს. ამასთანავე, მწერალი სისტემატურად უწევდა მატერიალურ დახმარებას წითელ ჯვარს და გრინპისს, ანაზღაურებდა ლტოლვილი ბავშვების განათლების და უნარშეზღუდულთა მკურნალობის საფასურს.
* პორტრეტი ფულის კუპიურაზე -
ასტრიდ ლინდგრენი 2002 წლის 28 იანვარს გარდაიცვალა 94 წლის ასაკში. 2015 წელს შვედეთის მთავრობამ 20-კრონიანის ახალი კუპიურა გამოუშვა, რომლის ერთ მხარეს ლინდგრენის, მეორე მხარეს კი, პეპი გრძელიწინდას პორტრეტი დაიტანა, 2018 წელს კი, რეჟისორმა პერნილა ფიშერკრისტენსემა დადგა ბიოგრაფიული ფილმი „იყო ასტრიდ ლინდგრენი“, რომელიც მწერალს მიუძღვნა.