ბარბრა სტრეიზანდი -
მსოფლიო აღიარება, პრესტიჟული მუსიკალური, კინოპრემიები და „ამერიკული შოუბიზნესის კომერციულად ყველაზე წარმატებული ქალის“ სტატუსი - სწორედ ამგვარ დამსახურებებს მოუყარა თავი 81 წლის ვარსკვლავმა ბარბრა სტრეიზანდმა. მართალია, უნიჭიერესი მუსიკოსის და მსახიობის ცხოვრება ახდენილ ოცნებას ჰგავს, მაგრამ სინამდვილეში, სტრეიზანდს მეტად გრძელი და რთული გზის გავლა მოუწია წარმატებამდე.
* * *
ბარბარა ჯოან სტრეიზანდი 1942 წლის 24 აპრილს დაიბადა ბრუკლინში, აღმოსავლეთ ევროპიდან ემიგრირებული, ღარიბი ებრაელების ოჯახში. გოგონა ერთი წლის იყო, როცა მამა დაკარგა. ემანუელ სტრეიზანდმა ეპილეფსიის მორიგ შეტევას ვეღარ გაუძლო და გული გაუსკდა, რამაც დედას მცირეწლოვანი შვილების - ბარბარასა და მისი უფროსი ძმის დამოუკიდებლად აღზრდა აიძულა.
სტრეიზანდის განცხადებით, დედა რომელიც ბრუკლინის საშუალო სკოლაში მუშაობდა მდივნად, ნაკლებად იჩენდა სიყვარულს შვილების, განსაკუთრებით ბარბარას მიმართ. მეტიც, ადრეული ასაკიდანვე უმეორებდა, რომ საშინლად ულამაზო იყო და ბევრს ვერაფერს მიაღწევდა. რამდენიმე წლის შემდეგ დედის ფსიქოლოგიურ ძალადობას ოჯახს ახლად შემატებული მამინაცვლის ფიზიკური ძალადობა დაემატა, რომელიც ხშირად სრულიად უმიზეზოდ სჯიდა და სცემდა ბავშვებს.
* * *
პრობლემები ჰქონდა მოზარდ სტრეიზანდს სკოლაშიც, სადაც თანატოლები დასცინოდნენ და უარს ამბობდნენ მასთან მეგობრობაზე. საზრიანი და გონებაგამჭრიახი ბარბარა ყოველთვის კარგად სწავლობდა, თავისუფალ დროს კი, ბიბლიოთეკაში ატარებდა, რადგან ძალიან მოსწონდა ცნობილი მუსიკოსებისა და მსახიობების ბიოგრაფიების კითხვა. სწორედ მათი ისტორიების გავლენით ფანტაზიორობდა მოზარდი და იგონებდა საკუთარ ისტორიას, სახლში მარტო დარჩენილი კი, პოპულარულ კომპოზიციებს ასრულებდა და მუსიკოსობაზე ოცნებობდა.
უფროს კლასებში სწავლისას, მორცხვმა და მორიდებულმა ბარბარამ, რომელიც ყოველთვის გაურბოდა სასკოლო ღონისძიებებს და მასიურ შეკრებებს, სითამამე გამოიჩინა და სკოლის გუნდს შეუერთდა. მართალია, არც იქ დააკლეს თანატოლებმა დაცინვა და მასხრად აგდება, მაგრამ მხსნელად ნილ დაიმონდი მოევლინა, რომელმაც მოგვიანებით ბრწყინვალე მუსიკალური კარიერა გაიკეთა და მესამე პოზიციით მოხვდა ჟურნალ „ბილბორდის“Adult contemporary-ის კატეგორიის ყველაზე წარმატებული შემსრულებლების რეიტინგში. სხვათა შორის, ამავე რეიტინგის პირველი და მეორე პოზიცია ელტონ ჯონმა და ბარბრა სტრეიზანდმა გაინაწილეს.
* * *
„იყო ყველასგან განსხვავებული, შეძლო და გააოცო პუბლიკა - მხოლოდ ასე შეიძლება წარმატების მიღწევა“, - აღნიშნა სტრეიზანდმა ერთ-ერთ ინტევიუში, როცა სახელის შეცვლის მიზეზი ახსნა. როგორც აღმოჩნდა, მომავალმა ვარსკვლავმა 18 წლის ასაკში, ახალი დოკუმენტების მიღებისას გადაწყვიტა, რომ ყველასგან განსხვავებული იქნებოდა და ერთი ასოთი შეამცირა საკუთარი სახელი.
* * *
მოზარდ ბარბარას თავდავიწყებით უყვარდა მარლონ ბრანდო და თითქმის ყოველდღე უყურებდა მის ფილმებს. პოპულარობის მოპოვების შემდეგ სტრეიზანდმა ერთ-ერთ წვეულებაზე გაიცნო საკუთარი კერპი, რომელმაც არა მხოლოდ პაემანზე, არამედ საკუთარ სახლშიც მიიწვია სასიამოვნო საღამოს გასატარებლად, თუმცა, ბარბრამ, რომელიც სწორედ ამგვარ შეხვედრაზე ოცნებობდა მოზარდობაში ერთი შეთავაზებაც უარყო და მეორეც.
* * *
მართალია, დღეს არავის შეაქვს ეჭვი სტრეიზანდის პროფესიონალიზმში, მაგრამ მუსიკალური კარიერის დასაწყისში მასაც შეემთხვა რამდენიმე არასასიამოვნო ინციდენტი. მეტიც, 1957 წელს, ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში მოწყობილ კონცერტზე, დებიუტანტ სტრეიზანდს, რომელიც სამ სიმღერას ასრულებდა და საშინლად ღელავდა, სამივე სიმღერის ტექსტი დაავიწყდა და პრაქტიკულად ჩაშალა კონცერტი. მარცხი იმდენად მწარე აღმოჩნდა, რომ ბარბრა მთელი 5 წელი ამბობდა უარს სცენაზე გასვლაზე, რადგან როგორც თავად აღნიშნა, ყველგან მარცხიანი კონცერტის მსმენელი ეჩვენებოდა, რომელიც ბოროტად დასცინოდა.
თვითრწმენა ბარბრას პიანისტმა ვლადი ლიბერაჩემ დაუბრუნა, რომელიც ისე აღფრთოვანდა მისი ვოკალური შესაძლებლობებით, რომ ცნობილი ხმისჩამწერი კომპანიის Columbia Records-ის პროდიუსერებიც დაითანხმა სტრეიზანდთან კონტრაქტის გაფორმებაზე. ლიბერაჩის ინტუიციამ გაამართლა, რადგან რამდენიმე ერთობლივი კონცერტის შემდეგ, 1963 წელს სტრეიზანდმა სადებიუტო ალბომი The Barbra Streisand Album გამოუშვა, რომელმაც არა მხოლოდ პოპულარობა მოიპოვა, არამედ „გრემის“ ორი პრემია დაიმსახურა და შემდგომი სამი ალბომის ადგილი განსაზღვრა Billboard 200-ის რეიტინგში.
* * *
მუსიკალურ ინდუსტრიაში აღიარებას წარმატებული კინოკარიერა მოჰყვა. თუმცა, სტრეიზანდმა არა მხოლოდ მთავარი როლები და ჰიტად ქცეული კომპოზიციები შეასრულა ცნობილი რეჟისორების ნამუშევრებში, არამედ თვითონაც გადაიღო რამდენიმე ფილმი, რომელთა შორის ყველაზე წარმატებული მელოდრამა „სარკეს ორი მხარე აქვს“ აღმოჩნდა.
სხვათა შორის, პოპულარული ფილმს „პირად მცველს“, რომელშიც მთავარი როლები უითნი ჰიუსტონმა და კევინ კოსტნერმა შეასრულეს, სწორედ სტრეიზანდის ცხოვრებისეული ისტორია დაედო საფუძვლად. როგორც აღმოჩნდა, 1970-იანი წლების დასაწყისში, უკვე პოპულარულ სტრეიზანდს მეტად უცნაური თაყვანისმცემელი გამოუჩნდა, რომელიც ყოველდღიურად უგზავნიდა წერილებს და ჯერ სიყვარულს ეფიცებოდა, მერე მოკვლით ემუქრებოდა. სწორედ ამგვარი წერილებით დამფრთხალმა გადაწყვიტა სტრეიზანდმა პირადი მცველის დაქირავება.
* * *
მართალია, სტრეიზანდი დიდხანს ამტკიცებდა, რომ მამაკაცები „გაიძვერა მატყუარები იყვნენ, რომელთაც მხოლოდ პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად სჭირდებოდათ ქალები“, მაგრამ არასდროს ამბობდა უარს ცნობილ ვარსკვლავებთან რომანებზე. მეტიც, მის გრძელ სიაში არა მხოლოდ მსახიობები ელიოტ გულდი, რიჩარდ გირი, ლიამ ნისონი და ჯონ ვოიტი, არამედ კანადის პრემიერ-მინისტრი პიერ ელიოტ ტრიუდო, ჩოგბურთელი ანდრე აგასი და კომპოზიტორი ჯეიმს ნიუტონ ჰოვარდიც მოხვდნენ.