ბატონო ლაშა, კითხვა მაქვს თქვენთან, 1 ბოთლი წყალი რატომ ღირს ევროკავშირის ქვეყნებში უფრო იაფი, ვიდრე საქართველოში?! რატომ ღირს ყველა პროდუქტი უფრო იაფი ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ვიდრე საქართველოში?! - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს, რომელსაც პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.
როგორც ოპოზიციონერი ლიდერი აღნიშნავს, ევროკავშირისა და რეგიონის ქვეყნებთან შედარებით საქართველოში წყალსა და სხვა პროდუქტებზე ფასები გაცილებით მაღალია, რაც უსამართლობაა.
„ბატონო ლაშა, კითხვა მაქვს თქვენთან, 1 ბოთლი წყალი რატომ ღირს ევროკავშირის ქვეყნებში უფრო იაფი, ვიდრე საქართველოში?! რატომ ღირს ყველა პროდუქტი უფრო იაფი ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ვიდრე საქართველოში?! მაგალითად, 1კგ კარაქი რატომ ღირს უფრო იაფი თურქეთში, 20 ლარია ფასი დაახლოებით და რატომ ღირს ჩვენთან 30 ლარი?! 15 კვერცხი თურქეთში რატომ ღირს 4,5 ლარი და საქართველოში 10 კვერცხი ღირს 5,5 ლარი. რა არის ამის მიზეზი, წყალს მიაქვს ეს ქვეყანა, წყალია საქართველოში ყველგან, რატომ დგას სარფის საზღვარზე რიგები ადამიანების, რომლებიც პროდუქტის საყიდლად გადადიან თურქეთში. რატომ ხდება ეს? რისი ბრალია, რომ ასეთი სიძვირეა ქვეყანაში? ამ ციფრებს რომ ლაპარაკობთ, ეს ხომ ხალხისთვისაა?“ - განაცხადა ვაშაძემ, რომლის კომენტარსაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.