შეერთებულმა შტატებმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვდა, მესამედ ვეტო დაადო. აშშ-ის განმარტებით, აღნიშნული რეზოლუცია ძირს უთხრის მძევალთა გათავისუფლების შეთანხმებაზე მიმდინარე მოლაპარაკებებს. აშშ-ი ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელიც ალჟირის მიერ წარდგენილი რეზოლუციის დამტკიცების წინააღმდეგი წავიდა, ასევე გაერთიანებულმა სამეფომ თავი შეიკავა, 13-მა ქვეყანამ კი მას მხარი დაუჭირა. შეერთებულმა შტატებმა შეიმუშავა ალტერნატიული რეზოლუციის პროექტი, რომელიც მხარეებს ცეცხლის დროებით შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამასთან, რეზოლუცია ისრაელს, ქალაქ რაფაჰზე დაგეგმილი შეტევის გაუქმებისკენაც მოუწოდებს.