უკრაინის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომისრის, დმიტრო ლუბინეცის განცხადებით, რუსეთიდან და ოკუპირებული ტერიტორიებიდან ოჯახებს 11 უკრაინელი ბავშვი დაუბრუნდა. მათგან ყველაზე უმცროსი 2-ის, ყველაზე უფროსი კი 16 წლისაა. ბავშვები ოჯახებს კატარის შუამავლობითა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით დაუბრუნდნენ. ამავდროულად, უკრაინაზე ოკუპანტების თავდასხმები არ წყდება. უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 13 დრონი გაანადგურა. ოკუპანტებმა დრონები რუსეთის ქალაქ პრიმორსკო-ახტარსკიდან და კიდევ ერთი რაკეტა ბელგოროდის ოლქიდან გაუშვეს. გენშტაბის ცნობით, გასულ 24 საათში, ოკუპანტებმა უკრაინაზე 5 სარაკეტო და 125 საჰაერო იერიში წამოიწყეს, ხოლო ზალპური სისტემებიდან კი 124-ჯერ გაისროლეს.