რეგიონებში ტაქსისტებს ნებართვის აღება მოუწევთ, წესდება 100 და 200 ლარიანი ჯარიმები. საქართველოს რეგიონებში ტაქსისტებს საქმიანობისთვის შესაბამისი ნებართვის აღება მოუწევთ. კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენები პარლამენტში უკვე დაიწყო. საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, სანებართვო საქმიანობების ჩამონათვალს ახალი სანებართვო საქმიანობა - მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანა ემატება. აღნიშნულ საქმიანობაზე ნებართვა არანაკლებ ერთი წლის ვადით გაიცემა. რაც შეეხება ღირებულებას, ნებართვის მისაღებად ტაქსის მფლობელებს, სავარაუდოდ, 100 ლარის გადახდა მოუწევთ. როგორც საკანონმდებლო პაკეტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, ცვლილების ერთ-ერთი მიზეზი ავტოსადგურებში არსებული არასახარბიელო მდგომარეობა და არარეგისტრირებული პირები - ე/წ ხიშნიკები არიან, რომლებიც მგზავრთა გადაყვანის მომსახურებას ავტოსადგურების გვერდის ავლით ეწევიან - ხშირ შემთხვევებში მინივენის ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით. ამიტომ მიაჩნიათ, რომ საკანონმდებლო პაკეტი მნიშვნელოვნად მოაწესრიგებს ამ პრობლემას. დოკუმენტის ავტორები ფიქრობენ, რომ კანონპროექტს ფინანსური შედეგებიც ექნება, რადგან ნებართვის აღება დაახლოებით 7000 პირს მოუწევს. საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, შემოდის ფინანსური სანქციებიც. კერძოდ, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში (გარდა საქართველოს დედაქალაქისა) ტაქსით გადაყვანის სანებართვო პირობების დარღვევით განხორციელების შემთხვევაში წესდება 100 ლარიანი, ხოლო ტაქსით გადაყვანის შესაბამისი ნებართვის გარეშე განხორციელების შემთხვევაში - 200 ლარიანი ჯარიმა. კანონპროექტის თანახმად, მუნიციპალიტეტებს 2025 წლის 1-ელ ივნისამდე ეძლევათ ვადა, უზრუნველყონ მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით გადაყვანის ნებართვის მფლობელთა შესახებ მონაცემების ერთიან ბაზაში ასახვა, რომლის შექმნის, განახლებისა და დამუშავების წესს მთავრობა 2025 წლის 1-ელ იანვრამდე განსაზღვრავს.