საქართველოში შემოსული ყოველი მე-5 ვიზიტორი რუსეთის მოქალაქეა. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევაშია ნათქვამი. „კოვიდ 19“-ის პანდემიამდე, შემოსავლების მხრივ, საქართველო რუსეთზე ყველაზე მეტად ტურიზმით იყო დამოკიდებული. პანდემიის გამო, 2020-2021 წლებში რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 85%-ით შემცირდა. 2022 წელს, პანდემიის დასრულების და რუსეთ-უკრაინის ომის გამო, რუსეთიდან ვიზიტორების შემოსვლა მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2022 წელს რუსეთიდან მილიონ 100 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2021 წლის მაჩვენებელს 5-ჯერ აღემატებოდა, მაგრამ 2019 წლის მაჩვენებელზე 26%-ით ნაკლები იყო. 2023-ში რუსეთიდან უკვე მილიონ 400 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 30%-ით მეტია, ხოლო პანდემიამდელ, 2019 წლის მაჩვენებელზე 3.6%-ით ნაკლებია. ვიზიტორების სტატისტიკა 2011 წლიდან არის ხელმისაწვდომი, საიდანაც ირკვევა, რომ ვიზიტორებში რუსეთის მოქალაქეების წილს 20%-ისთვის, 2023 წლამდე არასდროს გადაუჭარბებია. რუსეთიდან შემოსული ვიზიტორებიდან რამდენი დარჩა საქართველოში ხანგრძლივად საცხოვრებლად, ამის ზუსტი სტატისტიკა მხოლოდ 2022 წლის მდგომარეობითაა ცნობილი. საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს 62 300 რუსეთის მოქალაქე დარჩა საქართველოში საცხოვრებლად, ანუ აღირიცხა როგორც იმიგრანტი. 2023 წლის მიგრაციის მაჩვენებლები მიმდინარე წლის აპრილში გამოქვეყნდება.