როზნერი კი არა, როზნერების არმიაც რომ იყოს, თქვენ არაფერი გეშველებათ - თქვენგან პატრიოტები და სახელმწიფო მოღვაწეები არ გამოვა და საზოგადოებისგან რა ნულოვანი ნდობა და რეიტინგიც გაგაჩნიათ, ზუსტად ასეთ ნულოვან რეიტინგს და პროცენტებს მიიღებთ არჩევნებზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა, პარლამენტში, პლენარულ სესიაზე გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, „ლელო“ არის „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალური კლასტერი.
„მინდა გამოვეხმაურო „ლელოს“ მხრიდან ბოლო პერიოდში მომდინარე ზღვარგადასულ და გავეშებულ რადიკალიზმს, სიძულვილისა და ტყუილების კორიანტელს, რომელიც დღენიადაგ მოედინება „ნაციონალური მოძრაობის“ ამ რადიკალური კლასტერისგან. ჯერ იყო და ხაზარაძემ საკუთარი ცეცხლმოკიდებული, ალშიგახვეული "მუსტანგით" გადაცურა და გადმოცურა ლამანშის სრუტე. მერე იყო და ციტრუსი არ დაუტოვა ჩვენს მოქალაქეებს დასაკრეფი, ყველას დაუკრიფა, დაუსაწყობა. ახლა, სულ ბოლო პერიოდში, გაგვანდო საკუთარი უძილობის მიზეზები, თურმე რაზე ფიქრობს ეს ადამიანი, რა გზებით უნდა იაროს საკუთარი მანქანა მოჩვენებით, რომ შეძლოს და ჩვენს მოქალაქეებს პირდაპირ 1000 - ლარიანი პენსია დაუნიშნოს. ჰოი, საოცრებავ, მიაგნო. მარტივი ყოფილა ამ ამოცანის ამოხსნა. ეს არის რუსეთისთვის სანქციების დაწესება. თან ისე, რომ ეკონომიკური ურთიერთობა არ უნდა გავუწყვიტოთ და არც რუსეთი გაწყვეტს ჩვენთან. რა გასაკვირია, როცა ერთი ქვეყანა მეორეს სანქციებს უწესებს, ეს მეორე ქვეყანა იმდენად გახარებული და აღფრთოვანებულია ამ ფაქტით, რომ ეკონომიკურ ურთიერთობას კი არ წყვეტს, პირიქით, ზრდის. ეტყობა ხაზარაძეც ამ გაზრდილი რესურსით ისარგებლებს და გაზრდილ პენსიებს დაურიგებს ჩვენს მოქალაქეებს. რა არის პიარკამპანიის სწორად წარმართვა, რას ნიშნავს სწორი, დაგეგმილი, ძვირადღირებული პიარტექნოლოგის კამპანია, რომელმაც ასეთი დიდი შედეგები მოუტანა. სასაცილოა, ამ პოპულიზმსა და ტყუილებსაც აქვს თავისი ზღვარი. ამიტომ ამაზე დიდხანს არ შევჩერდები, საზოგადოებას ამით დიდხანს ვერ მოატყუებთ. ის თავხედობა და უტიფრობა გავიხსენოთ, რაც სასამართლოს მიერ თაღლითობაში მხილებული ხაზარაძისგან მოედინება. ამ კაცმა იკადრა და საკუთარ საზოგადოებას, ქვეყანას რეპრესიებით ემუქრება, გადასახლებით ემუქრება ბიძინა ივანიშვილს. პარადოქსია. მივმართავ ხაზარაძე - ჯაფარიძეს და მათ კლასტერს, რა გაგიკეთებიათ უანგაროდ საკუთარი ქვეყნისთვის? ბიძინა ივანიშვილმა მთელი თავისი ცხოვრება და შესაძლებლობა საკუთარ ქვეყანას მიანდო, გაუზიარა თუ რამ გააჩნდა. საზოგადოებისთვის ნათელია რა არის ამ ყველაფრის ძირითადი მიზეზი. თქვენ მას ვერ პატიობთ ყველაზე დიდ ქველმოქმედებას, ეს არის 2011-2012 წლების ამბები, როცა მან საკუთარი თავი, სიცოცხლე, ოჯახის ბედ - იღბალი, კეთილდღეობა სასწორზე შეაგდო და უთანასწორო ბრძოლაში ბეჭებზე დადო „ნაციონალური მოძრაობა“, ეს ტირანიის სენით შეპყრობილი რეჟიმი. თქვენ სად იყავით ამ დროს? იქნებ ამ რეჟიმთან შეზრდილები, შეხმატკბილებულები, კომფორტულად გრძნობდით თავს და რეჟიმის დავალებებსაც კომფორტულად ასრულებდით?! ასე რომ, მეგობრებო, როზნერი კი არა, როზნერების არმიაც რომ იყოს, თქვენ არაფერი გეშველებათ. ილია ჭავჭავაძეს აქვს პუბლიცისტური ნაშრომი. იქ უწერია ფრაზა: „გოგრა ვერ გახდება შირაზის ვარდი, რაც არ უნდა მაღალ თაროზე შემოდოო“. თქვენგან პატრიოტები და სახელმწიფო მოღვაწეები არ გამოვა და საზოგადოებისგან რა ნულოვანი ნდობა და რეიტინგიც გაგაჩნიათ, ზუსტად ასეთ ნულოვან რეიტინგს და პროცენტებს მიიღებთ არჩევნებზე“,- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.