ღაზაში მიმდინარე საომარი მოქმედებების ჰოლოკოსტთან შედარების გამო, ისრაელმა ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრაზილიის ელჩიც დაიბარეს. საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაცმა, რომლის მშობლები ჰოლოკოსტს გადაურჩნენ, ბრაზილიელი დიპლომატი ფედერიკო მაიერი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალთან, „იად ვაშემთან“ მიიყვანა, სადაც ჰოლოკოსტის დროს დაღუპული თავისი ბებიისა და ბაბუის სახელები აჩვენა. მედიის თანდასწრებით მინისტრმა ელჩს განუცხადა, რომ ლულა ისრაელში სასურველი სტუმარი არ არის. მისივე თქმით, ბრაზილიის პრეზიდენტის განცხადება ანტისემიტური თავდასხმაა.