ისრაელის ომის კაბინეტის წევრის და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბენი განცის განცხადებით, თუ „ჰამასი“ ღაზაში მყოფ მძევლებს 10 მარტამდე არ გაათავისუფლებს, რაფაჰში სახმელეთო შეტევა დაიწყება. მისივე განმარტებით, ისრაელი რაფაჰის მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისა და მსხვერპლის მინიმუმამდე შესამცირებლად, კოორდინირებულად იმოქმედებს. BBC-ის ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ისრაელი ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქში მისი ჯარის შესვლის სავარაუდო თარიღს ასახელებს. შეგახსენებთ, რომ რაფაჰს დაახლოებით მილიონ ნახევარი პალესტინელი თავს აფარებს. ამავდროულად, ისრაელის მიერ დაანონსებულ სამხედრო ოპერაციაზე გლობალური წინააღმდეგობა იზრდება.