აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე 22 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ილია სულამანიძემ ოქროს მედალი მოიპოვა. 100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ქართველი სპორტსმენი ბაქოს გრანდ სლემის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა.
ილია სულამანიძეს, რომელიც მსოფლიო რეიტინგში თავისი წონის ლიდერია, ტურიზე ოქროს მედლის მოსაპოვებლად 5 გამარჯვება დასჭირდა.
სულამანიძემ საწყის რაუნდში თურქმენი სპორტსმენი ვაზარიზე 2-ჯერ დასცა, შემდეგ რუმინელი მებრძოლი იპონით დაამარცხა, მეოთხედფინალში ყაზახს ასევე იპონით აჯობა, ნახევარფინალში კი ვაზარით ინდივიდუალური ნეიტრალური ათლეტის რანგში მოასპარეზე რუს ნიიაზ ბილალოვს აჯობა.
ამგვარად, ილია ფინალში გავიდა, სადაც მსოფლიო კლასიფიკაციაში 33-ე ადგილზე მყოფ პოლონელ პიოტრ კუჩერას გადაეყარა და ფავორიტის სტატუსი სრულად გაამართლა. ერთი წუთიც არ იყო გასული, როდესაც ქართველმა ძიუდოისტმა მეტოქე იპონზე დასცა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ბაქოში 20 წარმომადგენლით იყო ჩასული, თუმცა, მხოლოდ 2 მედალი მოიპოვა. სულამანიძემდე თავი ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ.) გამოიჩინა, რომელიც ბრინჯაოს დაეუფლა.