უკრაინა დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკასა და სოფელ ვესელოეში უკრაინელი სამხედრო ტყვეების სავარაუდო სიკვდილით დასჯის ფაქტს იძიებს. დონეცკის საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობასთან ერთად, ომის კანონის დარღვევისთვის აღიძრა. გამომძიებლები აცხადებენ, რომ ერთ-ერთ ტელეგრამ არხზე ავდიივკაში 6-ი უკრაინელი სამხედროს სიკვდილით დასჯის შესახებ შეტყობინებები გამოჩნდა. პროკურატურაში განმარტავენ, რომ დამცველები მძიმედ დაიჭრნენ და ევაკუაციას ელოდნენ. ტავრიის ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის სპიკერის, დიმიტრი ლიხოვოის განცხადებით, შესაძლო სიკვდილით დასჯის შესახებ ინფორმაციას იკვლევენ და მისი დადასტურება ან უარყოფა ჯერჯერობით შეუძლებელია.