რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული უსაფრთხოების რისკების შესახებ რუსეთის მოქალაქეები გააფრთხილა.
„აფხაზეთის მოქალაქე ე.გ. აბუხბა, რომელმაც 2019 წელს რუსი ტურისტის მიმართ მძიმე დანაშაული ჩაიდინა, ამ ქვეყნის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით სასჯელის შემსუბუქების შემდეგ გაათავისუფლეს“, - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
„ეს რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულებისა და დამნაშავეებისთვის დაკისრებული სასჯელის მიმართ აფხაზური მართლმსაჯულების ძალიან ლმობიერ დამოკიდებულებას მოწმობს.
ცხადია, ეს აფხაზეთის კურორტებზე ყოველწლიურად დიდი რაოდენობით ჩასული უცხოელი სტუმრების უსაფრთხოების რისკებს ქმნის, რის შესახებაც ჩვენ იძულებული ვართ ჩვენი თანამემამულეები გავაფრთხილოთ“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ცნობისთვის, საუბარია რუსი ქალის გაუპატიურებასა და ძარცვის შესახებ. დანაშაული 2019 წლის 31 ივლისს მოხდა.