ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის საელჩოს წარმომადგენელი დაიბარეს.
ამის შესახებ განცხადებას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„იგი ყალბი ბრალდებით დააკავეს, აკრძალული ნერვული აგენტით მოწამლეს და არქტიკის კოლონიაში გაგზავნეს. რუსული სისტემის სასტიკ ბუნებაში ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს. მისი სიკვდილი სრულად და გამჭვირვალედ უნდა იყოს გამოძიებული“, - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსეთის საელჩოს წარმომადგენელი სამინისტროში გუშინ, საღამოს დაიბარეს.
„დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საელჩოს წარმომადგენელი გამოიძახა, რათა მკაფიოდ დავაფიქსიროთ, რომ ჩვენ რუსეთის ხელისუფლებას სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ“, - აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის იამალო-ნენეცის ავტონომიური ოლქის რეგიონული დეპარტამენტის ცნობით, გუშინ, სასჯელაღსრულების მე-3 გამოსასწორებელ კოლონიაში რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა.
უწყების მტკიცებით, ნავალნიმ თავი ცუდად იგრძნო და გონება დაკარგა, რის შემდეგაც მედიკოსებმა მის გადასარჩენად რეანიმაციული ღონისძიებები განახორციელეს, მაგრამ უშედეგოდ.