17-18 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში,მონაწილეობას იღებს მიუნხენის უსაფრთხოების რიგით მე-60 კონფერენციაში. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, კონფერენციის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი ასევე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან.
„მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია წარმოადგენს გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე დებატების მსხვილ საერთაშორისო ფორუმს. კონფერენციის მიზანია უსაფრთხოების საკითხებზე მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევების განხილვა. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობენ სახელმწიფოს მეთაურები, საგარეო საქმეთა, თავდაცვის მინისტრები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური წრეების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.