საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ალექსეი ნავალნის გარდაცვალებას ეხმაურება.
როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ში წერს, ალექსეი ნავალნის სიკვდილი ტრაგედიაა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დამცველებისთვის.
„ალექსეი ნავალნის სიკვდილი ტრაგედიაა ყველა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დამცველებისთვის. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და მათ, ვინც რუსეთში დემოკრატიისათვის მის ბრძოლას განაგრძობს“, - წერს ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის იამალო-ნენეცის ავტონომიური ოლქის რეგიონული დეპარტამენტის ცნობით, დღეს, სასჯელაღსრულების მე-3 გამოსასწორებელ კოლონიაში რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა.
უწყების მტკიცებით, ნავალნიმ თავი ცუდად იგრძნო და გონება დაკარგა, რის შემდეგაც მედიკოსებმა მის გადასარჩენად რეანიმაციული ღონისძიებები განახორციელეს, მაგრამ უშედეგოდ.