უკრაინაზე რუსული ძალების თავდასხმები გრძელდება. გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათში, ოკუპანტებმა უკრაინაზე 34 სარაკეტო და 85 საჰაერო იერიში მიიტანეს, ხოლო ზალპური სისტემებიდან 114-ჯერ გაისროლეს. ფრონტის ხაზზე ჯამში 95 საბრძოლო შეტაკება მოხდა. განსაკუთრებით მძიმე ბრძოლები ავდიიკაში მიმდინარეობს. ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინელ სამხედროებს აღმოსავლეთ ფრონტზე საჭირო მხარდაჭერას ჰპირდება. ტავრიის ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის მეთაურის, ალექსანდრ ტარნავსკის თქმით, ავდიივკაში ვითარება რთული, მაგრამ კონტროლირებადია. მისივე თქმით, დამატებითი საბრძოლო რესურსი უკვე გამოიყო და ახალი პოზიციებიც მომზადდა. მეთაური ხაზს უსვამს, რომ უკრაინული ჯარები მტრის შესაკავებლად ყველა ხელმისაწვდომ ძალასა და საშუალებას იყენებენ.