საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 837.6 ათასი სული შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემზე 1.9 პროცენტით ნაკლებია.
როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მსხვილფეხა პირუტყვის საერთო ოდენობიდან ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 413.0 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 4.3 პროცენტით ჩამორჩება. ღორის რაოდენობამ 131.5 ათასი სული შეადგინა, რაც 12.5 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ფრინველის რაოდენობამ 9.5 მლნ. ფრთა შეადგინა, რაც 5.6 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
„წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის IV კვარტალში რძის წარმოებამ 102.8 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 6.8 პროცენტით მეტია. 2023 წლის რძის წარმოების წლიური მაჩვენებელი 585.4 მილიონი ლიტრით განისაზღვრა, რაც 3.6 პროცენტით აღემატება 2022 წლის შედეგს. 2023 წლის IV კვარტალში ხორცის წარმოებამ 23.3 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2022 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.3 პროცენტით ნაკლებია. 2023 წელს ხორცის წლიურმა წარმოებამ 76.9 ათასი ტონა შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 3.1 პროცენტით აღემატება. 2023 წლის IV კვარტალში კვერცხის წარმოება 157.9 მილიონი ცალი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 0.6 პროცენტით ნაკლებია. 2023 წელს კვერცხის წლიურმა წარმოებამ 637.8 მილიონი ცალი და 2022 წელთან შედარებით 2.6 პროცენტით ნაკლები შეადგინა“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.