კაპიტოლიუმში გამართულ შეხვედრაზე რუსეთისგან მომდინარე შესაძლო საფრთხე და ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი განიხილეს. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველის, ჯეიკ სალივანის მიერ გამართულ შეხვედრას, ქვეყნის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონიც ესწრებოდა. ჯონსონის განცხადებით, საკითხი ძალიან სერიოზულია და მისი დროულად მოგვარებაა საჭირო. მანამდე, „ენბისი ნიუსმა“ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი კოსმოსურ ბირთვულ იარაღს ავითარებს, რაც აშშ-ის თანამგზავრებზე დასამიზნებლად არის შექმნილი. მედიის ცნობით, წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელმა, მაიკ ტერნერმა ჯო ბაიდენს ეროვნული უსაფრთხოებისთვის სერიოზული საშიშროების შესახებ არსებული ინფორმაციის გასაჯაროებისკენ მოუწოდა.