აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელეფონო საუბრის დროს მძევლების გათავისუფლების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებები, ღაზაში არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობა და რაფაჰში ისრაელის ოპერაციის პერსპექტივა განიხილეს, - ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
„პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ვალდებულება დაუღალავად იმუშაოს მძევლების რაც შეიძლება მალე გათავისუფლების მხარდასაჭერად. პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა ასევე განიხილეს ღაზაში არსებული ვითარება და იმის უზრუნველყოფის აუცილებლობა, რომ პალესტინელ მშვიდობიან მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდოს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
თეთრი სახლის ცნობით, რაფაჰთან დაკავშირებით, ბაიდენმა გაიმეორა მოსაზრება, რომ სამხედრო ოპერაცია არ უნდა განხორციელდეს სანდო გეგმის გარეშე, რომელიც რაფაჰში მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.