პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და სუიციდამდე მიყვანის ფაქტებზე, სამ პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ სამხედრო მოსამსახურეებისთვის ცნობილი გახდა ბრალდებულების მეგობრის მეუღლესთან მათი თანამშრომლის პირადი მიმოწერის შესახებ, რის გამოც მათ აღნიშნულ თანამშრომელზე შურისძიება და მისი დასჯა გადაწყვიტეს. ბრალდებულებმა თანამშრომელს 11 იანვარს, გორის რაიონის სოფელ ახალშენში, საცხოვრებელ სახლთან მიაკითხეს და მასზე ფიზიკურად იძალადეს. ასევე, ბრალდებულები დაზარალებულს, ჩადენილი საქციელის აღიარებას აიძულებდნენ და ამ ინფორმაციის გამჟღავნებითა და ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ საქმეზე გამოძიება გრძელდება.