არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტს მოუწოდებენ, საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებაზე უარი თქვას, რადგან ის ვენეციის კომისიის დასკვნას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ორგანიზაციების განმარტებით, ცვლილება, რომლის ერთ-ერთი მიზანი ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის პოსტის გაუქმებაა, დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას შეაფერხებს. სამოქალაქო სექტორი ასევე პრეზიდენტს მოუწოდებს, კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღების შემთხვევაში, კონსტიტუციით მინიჭებული ვეტოს უფლება გამოიყენოს.