5 თვეში, ავტომობილების გამონაბოლქვის გამო 3533 პირი დააჯარიმეს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე განმარტებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, 2023 წლის 4 სექტემბრიდან, საქართველოს 4 დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს ახორციელებენ. დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყველაზე მეტი - 1614 ჯარიმა თბილისში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელების სახელზე დაწერეს; 769 სამართალდარღვევა დაფიქსირდა ქუთაისში, 646 - ბათუმში, 504 კი - ქალაქ რუსთავში. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განმარტებით, 3533 საჯარიმო ქვითრიდან 3030 ქვითარი ფიზიკური პირის სახელზე დაიწერა; 503 შემთხვევაში კი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს. მათივე ცნობით, აღსანიშნავია ისიც, რომ 2033 საჯარიმო ქვითარი მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ არის შედგენილი, 1297 - მიკროავტობუსის, 202 - სატვირთო ავტომობილის, 1 კი, ავტობუსის მძღოლის სახელზე. ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე - 300 ლარი, მესამე ჯერზე - 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა 500, 1500 და 3000 ლარია.