გურიაში ეროვნული პარკი შეიქმნება. პროექტის წარდგენა პარლამენტში გასული წლის მიწურულს მოხდა და ახლა მისი საკომიტეტო განხილვები მიმდინარეობს. კანონპროექტის მიღების შემდეგ, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 15 ათას ჰექტარ ფართობს ეროვნული პარკის სტატუსი მიენიჭება და შეიქმნება ახალი დაცული ტერიტორია გურიის ეროვნული პარკი. „გურიის ეროვნული პარკისთვის განკუთვნილი ტერიტორია წარმოადგენს მნიშვნელოვან ადგილს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისათვის. ახასიათებს ფლორისა და ფაუნის სახეობების მრავალფეროვნება. ამ ტერიტორიაზე გავრცელებულია საქართველოს და ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის წითელი ნუსხით დაცული, საქართველოს და კავკასიის ენდემურ მცენარეთა 74 სახეობის პოპულაციები. შესაბამისად, მნიშვნელოვანია დაცული ტერიტორიის შექმნა მათი დაცვის და შენარჩუნების მიზნით,“- ვკითხულობთ დოკუმენტში. როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, კანონპროექტის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია 2024 წლის 1-ლი ივლისიდან.