* ნაომი კემპბელი -
„შავ პანტერად“ წოდებული ბრიტანელი მოდელი ნამდვილ ლეგენდად იქცა მოდის ინდუსტრიაში, რადგან სოლიდური ასაკის მიუხედავად, დღესაც წარმატებით აგრძელებს 1980-იან წლებში დაწყებულ კარიერას. კემპბელმა, რომელიც სილამაზის ეტალონად ითვლება დიზაინერებისთვის, სამოდელო ბიზნესის მთავარი სტერეოტიპი დაანგრია და პირველი შავკანიანი მოდელი გახდა „თეთრკანიანების იმპერიაში“.
* ბავშვობა -
ნაომი კემპბელი 1970 წლის 22 მაისს დაიბადა სტრეტემში - ლონდონის სამხრეთ რაიონში. მისი დედა იამაიკელი მოცეკვავე ვალერი მორისი იყო, მამა კი, არასდროს უნახავს, რადგან ასე მოისურვა თავად ვალერიმ. მამაკაცი, რომელმაც ახალგაზრდა ქალი ოთხი თვის ორსული მიატოვა, ნაომის დაბადების მოწმობაშიც არ აღმოჩნდა მითითებული. კემპბელის გვარი მომავალმა მოდელმა მამინაცვლისგან მიიღო, დედისგან კი, ჩინურ-იამაიკური წარმომავლობა ერგო მემკვიდრეობით.
ბავშვობა ნაომიმ რომში გაატარა, სადაც დედა მუშაობდა მოცეკვავედ, ლონდონში დაბრუნებული კი, ნათესავებთან დაბინავდა, რადგან ვალერიმ ევროპაში გააგრძელა მოგზაურობა საცეკვავო დასთან fantasy-ისთან ერთად. 3 წლის ნაომი ბარბარა სპიკის თეატრალურ სკოლაში ჩაირიცხა, 10 წლისამ კი, თეატრალური ხელოვნების აკადემიაში, საბალეტო კლასში გააგრძელა სწავლა.
1978 წელს 7 წლის კემპბელი ბობ მარლის მუსიკალურ ვიდეოში Is This Love გამოჩნდა, 12 წლისამ კი, სტეპი შეასრულა Culture Club-ის კლიპში I’ll Tumble 4 Ya. მართალია, მემკვიდრეობით მიღებული ნიჭისა და ბრწყინვალე მონაცემების წყალობით ნაომი პროფესიონალი მოცეკვავის კარიერაზე ოცნებობდა, მაგრამ „ქოვენთ-გარდენის“ სავაჭრო ცენტრში შოპინგისას, სამოდელო სააგენტოს Synchro-ის ხელმძღვანელთან ბეტ ბოლდტთან საბედისწერო შეხვედრამ კემპბელს გეგმების რადიკალურად შეცვლა აიძულა. ნაომი მთელი ენთუზიაზმით ჩაება სამოდელო ბიზნესში და წარმატებაც სწრაფად მოიპოვა.
* პირველი შავკანიანი მოდელი ჟურნალის გარეკანზე -
მართალია, დღეს მსოფლიო პოდიუმებზე ნებისმიერი გარეგნობისა და გაბარიტების მოდელის ნახვა შეიძლება, მაგრამ 1980-იან წლებში სამოდელო ბიზნესი მკაცრად იყო შეზღუდული ნორმებითა და პარამეტრებით, რადგან ითვლებოდა, რომ მხოლოდ თეთრკანიან მოდელებს შეეძლოთ კომერციული წარმატების მოპოვება. თუმცა, ყველაფერი შეიცვალა მოდის სამყაროში ნაომი კეპბელის გამოჩენით, რომელმაც მანამდე არსებული ყველა სტერეოტიპი დაანგრია და ჯერ ბრიტანული Vogue-ის გარეკანი დაამშვენა, მერე ფრანგული გამოცემისთვის მოაწყო ფოტოსესია.
* „ოქროს ტრიო“ –
განსაკუთრებულ განვითარებას სამოდელო ბიზნესმა 1980-იან წლების ბოლოს მიაღწია, როცა ლიდერობა მოდის სამყაროში ერთდროულად სამმა ვარსკვლავმა ნაომი კემპბელმა, ლინდა ევანგელისტამ და კრისტი ტარლინგტონმა მოიპოვეს. სწრაფად დამეგობრებული ქალბატონები, რომელთა ტრიომ „ტრინიტის“ სახელი შეიძინა, კოლექტიურად აწყობდნენ ფოტოსესიებს პოპულარული ბრენდებისთვის და ერთად დეფილირებდნენ მსოფლიო პოდიუმებზე. თუმცა, 1986 წელს ცნობილმა ბრენდმა Dolce&Gabbana-მ კემპბელს უარი უთხრა ჩვენებაში მონაწილეობაზე, რამაც მისი მეგობრების პროტესტი გამოიწვია, „თუ ნაომის არ მიიწვევთ, არც ჩვენი იმედი გქონდეთ“, - განაცხადეს მოდელებმა და უარი თქვენს პოდიუმზე გასვლაზე.
* VIVIENNE WESTWOOD-ის შოუ -
მართალია, ინციდენტს Vivienne Westwood-ის ჩვენებაზე, როცა ნაომიმ თავი ვერ შეიკავა და დაეცა, კემპბელი დიდხანს იხსენებდა შიშით, მაგრამ მოხერხებულმა მოდელმა მარცხიც საკუთარ ბონუსად აქცია.
1993 წელს, ცნობილი დიზაინერის კოლექციის დემონსტრირებისას კემპბელს მეტად ექსტრავაგანტური ფეხსაცმლის მორგება და 27-სანტიმეტრიან პლატფორმაზე შედგომა მოუწია. მოდელის განცხადებით, თავიდანვე ცუდი წინათგრძნობა ჰქონდა, რადგან საოცრად მოუხერხებელი ფეხსაცმლით არა თუ სიარული, ერთ ადგილას დგომაც გაუჭირდა. პოდიუმზე კემპბელმა მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯის გადადგა შეძლო და დაეცა, თუმცა არ დაიბნა, გულიანად გაიცინა, წამოდგა და დეფილირება გააგრძელა.
უცნაურია, მაგრამ სწორედ მარცხიანმა, თუმცა საკულტოდ ქცეულმა ჩვენებამ მოუტანა კემპბელს აღიარება, რადგან მოგვიანებით ხშირად სთავაზობდნენ ორმაგ ანაზღაურებას ერთგვარ დადგმულ შოუში მონაწილეობისა და წინასწარ დაგეგმილი „ვარდნის“ შესრულებისთვის, თუმცა მსგავს ავანტიურაზე კემპბელი ყოველთვის უარს ამბობდა.
* სუპერმოდელები -
1990 წლის იანვრის თვეში ნაომი კემპბელი, რომელსაც ჟურნალმა Interview-მა „უპირობო დომინანტი“ უწოდა სამოდელო ბიზნესში, სინდი კროუფორდთან, ლინდა ევანგელისტასთან, ტატიანა პატიტცთან და კრისტი ტარლინგტონთან ერთად გამოჩნდა ბრიტანული Vogue-ის გარეკანზე.
აღსანიშნავია, რომ ფოტოსესიას გამოცემისთვის ცნობილი ფოტოგრაფი პიტერ ლინდბერგი უძღვებოდა, რომელიც მძიმე ხასიათის მიუხედავად, მაინც უზომოდ იყო შეყვარებული კემპბელზე, ნაომი კი, თავის მხრივ, სწორედ ლინდბერგს მიიჩნევდა საუკეთესო ფოტოგრაფად.
წარმატებული ფოტოსესიის შემდეგ მოდელებმა კოლექტიურად გადაინაცვლეს ჯორჯ მაიკლის ცნობილი კლიპის Freedom! ’90-ის გადასაღებ მოედანზე და ბრწყინვალე ვიდეო შექმნეს დევიდ ფინჩერის რეჟისურით. მეტიც, სწორედ მაიკლის ვიდეოს გამოსვლის შემდეგ შექმნეს კემპბელმა, კროუფორდმა, ევანგელისტამ, ტარლინგტონმა და კლაუდია შიფერმა ერთგვარი „კლანი“, რომელსაც ჟურნალისტებმა „სუპერმოდელები“ უწოდეს და პრაქტიკულად ახალი ტერმინი დაამკვიდრეს სამოდელო ბიზნესში. მოგვიანებით კოლეგებს ქეით მოსიც შეუერთდა და ე.წ. „დიდი ექვსეული“ შეიქმნა, რომელსაც დღემდე ვერავინ უწევს კონკურენციას.
* IN THE CLOSET –
1991 წელს ნაომი კემპბელი, რომელიც მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავის ტიტულით სარგებლობდა, მაიკლ ჯექსონმა მიიწვია საკუთარ კლიპში In the closet. საინტერესო შეთავაზების მიუხედავად, კემპბელმა მაინც უარით გაისტუმრა პოპ-მუსიკის მეფე, რადგან 30-მდე ჩვენება ჰქონდა დაგეგმილი პარიზში, რომელთა გადადება შეუძლებელი აღმოჩნდა.
უარის მიუხედავად ჯექსონმა მაინც არ დაიხია უკან. მუსიკოსმა ყველა ჩაგდებული ჩვენების ანაზღაურება საკუთარ თავზე აიღო, იმ შემთხვევაში თუ კემპბელი მის კლიპში მონაწილეობას დათანხმდებოდა. რა თქმა უნდა, მოდელმა სიამოვნებით მიიღო მაცდუნებელ წინადადება და როგორც თავად აღნიშნა, არასდროს უნანია, რადგან ერთის მხრივ, მშვენიერი გაატარა დრო გადაღებებზე, მეორეს მხრივ კი, უკეთ გაიცნო ჯექსონი, რომელიც ბრწყინვალე პიროვნება აღმოჩნდა.
* ყველაზე მოდური „ხულიგანი“ –
საიდუმლო არაა, რომ კემპბელს ძალიან მძიმე ხასიათი აქვს. მეტიც, ამბობენ, თითქოს ცუდ განწყობაზე მასთან ახლოს მისვლაც შეუძლებელია. „ყოველთვის მოულოდნელად ფეთქდება და ვერასდროს მიხვდები რა შეიძლება გახდეს გაღიზიანების მიზეზი“, აღნიშნა ერთ-ერთი ტაბლოიდის ჟურნალისტმა, რომელმაც საკუთარ თავზე გამოცადა კემპბელის მძიმე ხასიათი.
მართალია, მოდელს, რომელიც ხან ასისტენტებთან კამათობს, ხან პაპარაცებთან აწყობს სკანდალებს, სასამართლომ არაერთხელ მოუწოდა მრისხანების კურსის გავლა, მაგრამ „შავმა პანთერამ“ ნაკლებად გაითვალისწინა მსგავსი რჩევები. მეტიც, 2007 წელს სასამართლომ ხუთდღიანი საზოგადოებრივი სამუშაოებიც კი მიუსაჯა მოდელს, რომელმაც მობილური ტელეფონი ესროლა და სერიოზული ფიზიკური ზიანი მიაყენა საკუთარ შინამოსამსახურეს.
კემპბელმა პირნათლად შეასრულა სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულება, თუმცა ნამდვილ პერფორმანსად აქცია საკუთარი საჯარო გამოსვლა. მეტიც, ბოლო დღეს მოდელი Dolce&Gabbana-ს რამდენიმე ათას დოლარიანი კაბით გამოცხადდა სამუშაოს შესასრულებლად და გამომწვევად აღნიშნა, რომ „ყოველთვის იდეალურ ფორმაში იყო და სწორედ ასე იცვამდა ყოველდღიურ ცხოვრებაში“.
* ნამდვილი მეგობარი -
მოდის სამყაროში, სადაც სასტიკი კონკურენციისა და გადატვირთული გრაფიკის გამო ძალიან რთულია სტრესთან გამკლავება, მოდელები ხშირად მიმართავენ ნარკოტიკებს. გამონაკლისი არც კემბელი აღმოჩნდა,, „ჩემი ცხოვრება არასდროს ყოფილა იდეალური, პირიქით, ერთ-ერთმა პირველმა ვაღიარე ნარკოდამოკიდებულება და ღიად განვაცხადე საკუთარი პრობლემების შესახებ, თუმცა ბედნიერი ვარ, რომ შევძელი მომაკვდინებელი სენის დაძლევა და დღეს აბსოლუტურად თავისუფალი ადამიანი ვარ“, - აღნიშნა კემპბელმა, რომელმაც ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ხანგრძლივი მოხმარების შემდეგ, 1999 წელს მიმართა დახმარებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრს. აღსანიშნავია, რომ საკმაოდ მძიმე კურსის გავლის შემდეგ, მოდელმა არა მხოლოდ საბოლოოდ თქვა უარი მავნე ჩვევაზე, არამედ სიმტკიცისა და ნებისყოფის ერთგვარ სიმბოლოდაც იქცა მოდის ინდუსტრიაში.
მეტიც, კემპბელი, რომელმაც საკუთარ თავზე გამოცადა ნარკოტიკების დამღუპველი გავლენა, კოლეგებსაც ყოველთვის მხარში უდგას. სწორედ მისი დახმარებით შეძლეს დიზაინერებმა ჯონ გალიანომ და მარკ ჯეიკობსმა ნარკოტიკებზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლება. „ნამდვილი ომი გამომიცხადა, სულ კუდში დამდევდა და წუთითაც არ მასვენებდა. იმედი არ მქონდა, მაგრამ მისმა სიჯიუტემ გაამართლა და ბრწყინვალე შედეგი მივიღე“, - აღნიშნა გალიანომ, რომელიც სწორედ კემპბელს მიიჩნევს საკუთარ მხსნელად.
* საქმიანობა სხვადასხვა სფეროში -
წარმატებული სამოდელო კარიერის მიუხედავად 1990-იანი წლების მეორე ნახევარში კემპბელმა რადიკალურად განსხვავებულ სფეროებში გადაწყვიტა შესაძლებლობების მოსინჯვა. 1994 წელს ნაომიმ რომანი „გედი“ გამოსცა და მკითხველს სუპერმოდელის ისტორია მოუთხრო, რომელიც დიზაინერების შანტაჟით ცდილობს მოდის სამყაროში ავტორიტეტისა და გავლენის მოპოვებას. მართალია, რომანის შექმნაში კემპბელს გამოცდილი ჟურნალისტი კეროლაინ აპჩერი დაეხმარა, მაგრამ ლიტერატურული დებიუტი კრიტიკოსებმა მაინც ნეგატიურად შეაფასეს.
ნაკლებად გაამართლა იმავე წელს გამოშვებულმა პირველმა სტუდიურმა ალბომმაც Babywoman, რომელმაც მხოლოდ იაპონიაში შეძლო კომერციული წარმატების მოპოვება. მართალია, ნაკრების ერთადერთი სინგლი Love and Tears ბრიტანული ჩარტის ასეულში მოხვდა, მაგრამ კემბელის ექსპერიმენტები ლიტერატორების მსგავსად, მუსიკალურმა კრიტიკოსებმაც დაიწუნეს, რომელთაც მოდელს საკუთარ სფეროში საქმიანობა ურჩიეს.
1990-იანი წლების ბოლოს სცადა კემპბელმა კინოკარიერის დაწყებაც. მოდელმა ეპიზოდური როლები შეასრულა ფილმებში „მაიამის რაფსოდია“, „პირად ცხოვრებაში შეჭრა“ და „დაიწვი ჰოლივუდო, დაიწვი“, თუმცა არც კინოში გაუმართლა. საერთო ჯამში კემპელმა 25-მდე ფილმი და სერიალი მიითვალა საკუთარ ანგარიშზე, თუმცა განსაკუთრებული არტისტული ნიჭის გამოვლენა მაინც ვერ შეძლო.
არ გაუმართლა მოდელს არც ბიზნესში. მართალია, 1995 წელს კოლეგებთან ერთად კემპბელმა რესტორნების ქსელის Fashion Cafe-ის განვითარებაში განახორციელა საკმაოდ მსხვილი ინვესტიცია, მაგრამ სამი წლის შემდეგ ქსელის მფლობელები თაღლითობისა და კორუფციის ბრალდებით დააპატიმრეს, რესტორნები კი, გაკოტრებულად გამოცხადდა და სამუდამოდ დაიხურა.
ბევრად წარმატებული აღმოჩნდა კემპბელი ჟურნალისტიკაში. მოდელი წლების მანძილზე თანამშრომლობდა ბრიტანულ GQ-სთან, 2008 წელს კი, ბრწყინვალედ მოირგო ჟურნალისტის ამპლუა და ინტერვიუ ჩაწერა ვენესუელის პრეზიდენტთან უგო ჩავესთან, რასაც 2011 წელს ხანგრძლივი საუბარი მოჰყვა ვლადიმერ პუტინთან, რომელიც იმ პერიოდში პრემიერ-მინისტრის მოვალეობას ასრულებდა.
2018 წელს კემპბელმა Fashion Icon award-ის პრემია მიიღო ამერიკის მოდელიერთა საბჭოსგან და ბრიტანული Vogue-ის ერთ-ერთი რედაქტორი გახდა , 2020 წელს კი, COVID-19-ის პანდემიის ფონზე საკუთარი ვებ-სერიალი „ფილტრის გარეშე ნაომისთან ერთად“ წამოიწყო YouTube-ზე. ახალ პროექტში კემპბელი ისევ ჟურნალისტის აპლუით წარსდგა პუბლიკის წინაშე და მეტად საინტერესო ინტერვიუები ჩაწერა მარკ ჯეიკობსთან, კრისტი ტარლინგტონთან და სინდი კროუფორდთან, ადუტა აკეჩთან, ეშლი გრემთან და ნიკოლ რიჩისთან.