* ჟურნალ Rolling Stone-ის რეიტინგი: ყველაზე რომანტიკული სიმღერები -
რა თქმა უნდა, შეუძლებელია სიყვარული მუსიკის გარეშე, ზუსტად ისე, როგორც წარმოუდგენელია მუსიკა უსიყვარულოდ, რადგან სწორედ საკუთარ გრძნობებზე საუბრისას ქმნიან ცნობილი მუსიკოსები საუკეთესო ნაწარმოებებს.
* Bee Gees - How Deep Is Your Love -
დისკოს ეპოქის ყველაზე ემოციური და მგრძნობიარე ბალადა How Deep Is Your Love, რომელიც Bee Gees-მა 1977 წელს ჩაწერა, სინამდვილეში, ცნობილი მომღერლისთვის ივონა ელიმანისთვის შეიქმნა. თუმცა, გასული საუკუნის 70-იანი წლების ვარსკვლავმა, რომელიც როგორც ამბობენ, ყოველთვის განსაკუთრებული კაპრიზულობით გამოირჩეოდა, კომპოზიცია დაიწუნა და ძალიან შეცდა.
ბრწყინვალე სიმღერამ ვიოლინოს, სინთეზატორის ჟღერადობა, ძმები გიბების უნიკალური ვოკალი გააერთიანა და არა მხოლოდ ფილმის „შაბათის საღამოს ციებ-ცხელების“ საუნდთრეკს მოერგო იდეალურად, არამედ მსოფლიო ბესტსელერი გახდა. მეტიც, სინგლი, რომელიც ერთგვარ სასიყვარულო ელეგიად იქცა, დროის ყველა გამოცდას გაუძლო და მრავალფეროვანი მუსიკალური ჟანრების მონაცვლეობის მიუხედავად, დღემდე შეინარჩუნა პოპულარობა.
* სტივი უანდერი - I Just Called To Say I Love You –
მართალია, 1970-იან წლებში ვუნდერკინდად წოდებულმა სტივი უანდერმა რამდენიმე ბრწყინვალე ალბომი გამოუშვა, მაგრამ ნამდვილი აღიარება მხოლოდ 1984 წელს მოიპოვა, როცა სინგლი I Just Called To Say I Love You ჩაწერა და რამდენიმე კვირით დაიპყრო მსოფლიო ჩარტები.
ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მსუბუქი მელოდია სინთეზატორის არანჟირებით, მარტივი ლირიკითა და ერთი შეხედვით ბანალური ტექსტით პოპულარობას მოიპოვებდა, მით უფრო უანდერის ადრეული, ბევრად სერიოზული ნამუშევრების ფონზე, თუმცა სასიყვარულო ბალადამ პრაქტიკულად შეუძლებელი შეძლო და ჯერ ჯინ უაილდერის რომანტიკული კომედიის „ქალი წითელში“ საუნდთრეკის წამყვან კომპოზიციად იქცა, მერე „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ პრემიები მოიპოვა „ფილმისთვის შექმნილი საუკეთესო სიმღერის“ ნომინაციაში.
* უითნი ჰიუსტონი - I Will Always Love You –
1992 წლის მთავარ ჰიტად უითნი ჰიუსტონის მეტად ემოციური სოულ-ბალადა I Will Always Love You იქცა, რომელიც ფილმის „პირადი მცველის“ საუნდთრეკში მოხვდა და უამრავი პრემია მოიპოვა „გრემის“ ჩათვლით, რომელიც „წლის საუკეთესო კომპოზიციისა“ და „ქალის საუკეთესო პოპ-ვოკალის“ ნომინაციაში მიიღო.
მართალია, კომპოზიციამ უითნი ჰიუსტონის შესრულებით მოიპოვა პოპულარობა, მაგრამ სინამდვილეში I Will Always Love You ცნობილ ქანთრი მომღერალს დოლი პარტონს ეკუთვნის, რომელმაც 1974 წელს ჩაწერა სიმღერის ორიგინალური ვერსია. სხვათა შორის, ერთ-ერთმა პირველმა სწორედ პარტონმა მოისმინა საკუთარი სიმღერის ახალი ვარიანტი და ძალიან მოიწონა, მით უფრო, რომ სწორედ ჰიუსტონის წყალობით შეიძინა მისმა ნამუშევარმა ახალი ჟღერადობა და პოპულარობა. არ დარჩა ვალში არც ჰიუსტონი, რომელმაც მადლობა გადაუხადა კომპოზიციის ავტორს და ერთობლივი ვერსიის ჩაწერა შესთავაზა, თუმცა პროექტი საბოლოოდ არ შედგა.
* სელინ დიონი - My Heart Will Go On –
ჯეიმს კამერონის მეტად ამბიციური დრამის „ტიტანიკის“ არნახული წარმატების შემდეგ, რომელიც 1997 წლის ნამდვილ სენსაციად იქცა, წარმატება გაიმეორა ფილმის მთავარმა მუსიკალურმა თემამ - კანადელი მომღერლის სელინ დიონის რომანტიკულმა ბალადამ My Heart Will Go On.
სინგლი, რომელიც მრავალმილიონიანი ტირაჟით გაიყიდა და მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის ჩარტის ლიდერი გახდა, არა მხოლოდ დიონის „სავიზიტო ბარათად“, არამედ მე-20 საუკუნის ყველაზე პოპულარულ რომანტიკულ სიმღერად იქცა, თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ თავად დიონს არასდროს მოსწონდა კომპოზიცია, მისი ჩაწერისას კი, ძალიან უხასიათოდ იყო, რადგან მაღალი სიცხე ჰქონდა და მუშაობაზე მეტად მშვიდ გარემოში დასვენება უნდოდა. მოგვიანებით მუსიკოსმა აღნიშნა კიდეც, რომ „ძალიან გაუკვირდა, როცა მისი დაწუნებული სიმღერა ნამდვილ შედევრად იქცა“.
* ელვის პრესლი - Love Me Tender –
მართალია, დღეს ელვის პრესლის ტკბილი და მეტად გულისამაჩუყევბელი კომპოზიცია Love Me Tender, როკ-ენ-როლის ეპოქასთან ასოცირდება, მაგრამ სინამდვილეში, სიმღერას ბევრად ხანგრძლივი ისტორია აქვს, რადგან ჯერ კიდევ ამერიკის სამოქალაქო ომის წლებში შეიქმნა.
მუსიკალური ექსპერტების მტკიცებით, სიმღერის პირვანდელი ვერსია ბევრად ომახიანად ჟღერდა, რაც არცაა გასაკვირი, რადგან საბრძოლო მოქმედებების ფონზე დაიწერა, პრესლის ვერსია კი, ბევრად მელანქოლიური გამოვიდა და იდეალურად მოერგო რობერტ უების მელოდრამას „შემიყვარე ნაზად“. აკუსტიკური გიტარის მშვიდი აკორდების, მარტივი მელოდიის და პრესლის არტისტიზმის წყალობით კომპოზიცია 1956 წლის ჰიტად იქცა და მილიონ ასლად გაიყიდა, 2004 წელს კი, ჟურნალ Rolling Stone-ის „ყველა დროის საუკეთესო 500 სიმღერის“ რეიტინგში მოხვდა.
* ბარი უაით - Never, Never Gonna Give Ya Up –
„გამოცდილი რომანტიკოსების“ მტკიცებით ბარი უაითის მუსიკა ყველაზე მეტად დაღვინებულ ურთიერთობას ერგება, ამიტომ შემთხვევითი არაა, რომ უაითს „შეყვარებულების კომპოზიტორსაც“ ხშირად უწოდებენ, მით უფრო, რომ მრავალრიცხოვანი რომანების და სასიყვარულო თავგადასავლების წყალობით, მუსიკოსმა თვითონაც კარგად იცოდა, რაზე მღეროდა.
რომანტიკული გრძნობების საუკეთესო ილუსტრაციად სწორედ Never, Never Gonna Give Ya Up იქცა, რომელმაც მრავალფეროვანი ინსტრუმენტული ჟღერადობა და უაითის შეუდარებელი ვოკალი გააერთიანა. სხვათა შორის, კომპოზიციას ხშირად იყენებენ რეჟისორები რომანტიკული სცენების გასაფორმებლად საკუთარ ფილმებში.