აზერბაიჯანი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებებს გმობს და მას ბრალს სომხეთის სასარგებლოდ მიკერძოებაში სდებს. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბორელის მიერ სომხური მხარის გამართლება, ერევნის სამხედრო პროვოკაციების იგნორირებად მიიჩნევა. უწყების განცხადებითვე, სომხეთის მიმართ ცალმხრივი პოზიციით, ჯოზეფ ბორელი აზერბაიჯანსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის დისტანციას ქმნის. უწყება ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესისგან სრულად იზოლირებულია. შეგახსენებთ, ევროკავშირ-სომხეთის პარტნიორობის საბჭოს სხდომის შემდეგ ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ სომხეთის მხრიდან აზერბაიჯანის სამხედროს მიმართ გასროლა სამწუხარო იყო, მაგრამ აზერბაიჯანის პასუხი არაპროპორციულია. ბორელის თქმით, ინციდენტი ძალების დაშორიშორების გადაუდებელ აუცილებლობას კიდევ ერთხელ ადასტურებს.