დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მოპოვების მექანიზმები ნაკლოვანებებს შეიცავს - საკვალიფიკაციო ტესტების უმეტესობა 2001 წლიდან განახლებულია მხოლოდ 4-ჯერ, ხოლო გარკვეული სპეციალობების ფარგლებში არ შესულა ცვლილებები, საგამოცდო ტესტების სრული რაოდენობის 75-80% გამოცდის თარიღამდეა ხელმისაწვდომი, - ამის შესახებ სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე განიხილავენ.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ სასერტიფიკაციო გამოცდა ტარდება მხოლოდ ტესტებით, სადაც მითითებულია ოთხი სავარაუდო პასუხი და არ ხდება გამოსაცდელის პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეფასება. დოკუმენტის თანახმად, გამოკითხული სპეციალობის მაძიებლების 46% მიუთითებს, რომ დიპლომისშემდგომი სწავლების მეთოდები არარელევანტურია მომავალი საექიმო საქმიანობისათვის სათანადო ცოდნის მისაღებად, ხოლო 44%-ის აზრით, მიღებული ცოდნა არასაკმარისია პაციენტებთან დამოუკიდებელი მომსახურების გაწევისათვის
„სამინისტროსა და რეგულირების სააგენტოს მიერ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მოპოვების მექანიზმები რიგ ნაკლოვანებებს შეიცავს:
საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო ტესტების დამტკიცებისა და შესყიდვის პროცესში არ ხორციელდება ხარისხობრივი ნაწილის შესწავლა და მონიტორინგის პროცესი მოიცავს მხოლოდ ტექნიკური მხარის შემოწმებას;
საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო ტესტების განახლებას არ აქვს სისტემური ხასიათი. ტესტების უმეტესობა 2001 წლიდან განახლებულია მხოლოდ 4-ჯერ, ხოლო გარკვეული სპეციალობების ფარგლებში ცვლილებები არ შესულა;
საგამოცდო ტესტების სრული რაოდენობის 75-80% გამოცდის თარიღამდეა ხელმისაწვდომი ნებისმიერი მსურველისათვის, გამოცდის მონაწილემ კი უნდა დააგროვოს სწორი პასუხების, მინიმუმ, 75.5% იმისთვის, რომ გამოცდა ჩაითვალოს ჩაბარებულად. ამასთანავე, სასერტიფიკაციო გამოცდა ტარდება მხოლოდ ტესტებით, სადაც მითითებულია ოთხი სავარაუდო პასუხი და არ ხდება გამოსაცდელის პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეფასება;
გამოკითხული სპეციალობის მაძიებლების 46% მიუთითებს, რომ დიპლომისშემდგომი სწავლების მეთოდები არარელევანტურია მომავალი საექიმო საქმიანობისათვის სათანადო ცოდნის მისაღებად, ხოლო 44%-ის აზრით, მიღებული ცოდნა არასაკმარისია პაციენტებთან დამოუკიდებელი მომსახურების გაწევისათვის;
2014-2019 წლებში დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამების განმახორციელებელმა სასწავლო დაწესებულებებმა, ჯამში − 343 აკრედიტებული პროგრამიდან, 17%-ის შემთხვევაში ნაწილობრივ, ხოლო 65%-ის შემთხვევაში, არ წარმოადგინეს ყოველწლიური თვითშეფასების ანგარიშები. რეგულირების სააგენტოს აღნიშნული სასწავლებლები არ შეუმოწმებია“,- აღნიშნულია ანგარიშში, რომელიც 2018-2021 წლების პერიოდს მოიცავს.