CNN-ის ინფორმაციით, მძევლების გათავისუფლების საკითხზე კაიროში გამართული მოლაპარაკებები პროდუქტიული იყო, მაგრამ საბოლოო შეთანხმება ჯერჯერობით არ შემდგარა. გამოცემის ცნობით, მოლაპარაკებებისას მხარეებს შორის უთანხმოების მიზეზი მძევლებთან იმ პალესტინელი პატიმრების თანაფარდობაა, რომლებიც შეთანხმების ფარგლებში უნდა გათავისუფლდნენ. მანამდე, „ჰამასმა“ კონტრწინადადება წარადგინა, რომელიც ისრაელის ციხეებში მყოფი ყველა პალესტინელი პატიმრის გათავისუფლების მოწოდებას მოიცავდა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოთხოვნის შესრულებაზე უარი განაცხადა. კაიროში შეხვედრა, რომელზეც ღაზაში ზავის მიღწევისა და მძევლების გათავისუფლების საკითხი განიხილეს, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორს, „მოსადის“ ხელმძღვანელს, კატარის პრემიერ-მინისტრსა და ეგვიპტის ოფიციალურ პირებს შორის შედგა.