ისრაელის ღაზის სექტორში, ძირითადად ხან იუნისის ტერიტორიაზე, გასული დღე-ღამის განმავლობაში „ჰამასის“ ათობით მებრძოლის ლიკვიდაცია განახორციელეს. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ისრაელელმა სამხედროებმა ხან იუნისის დასავლეთ ნაწილში 30-ზე მეტი მებრძოლი გაანადგურეს და ტერიტორიის ოპერატიული კონტროლი გააღრმავეს. ასევე, დასავლეთ ხან იუნისში, მედესანტეების ბრიგადამ „ჰამასის“ ორი წევრის ლიკვიდაცია განახორციელა, რომლებიც, გადაადგილებას მშვიდობიანი მოსახლეობის ჯგუფის საფარქვეშ ცდილობდნენ. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი აცხადებს, რომ ისრაელმა რაფაჰის მშვიდობიანი მოსახლეობა უსაფრთხო დერეფნებით უნდა უზრუნველყოს. მისი თქმით, რაფაჰში ისრაელის სამხედრო ოპერაცია გამოუსწორებელი შეცდომა იქნება.