ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის 95 მილიარდი დოლარის ფინანსური დახმარების პაკეტს მხარი დაუჭირა. პაკეტს მხარი 70-მა სენატორმა დაუჭირა, მათ შორის 22 რესპუბლიკელი იყო. კანონპროექტი ახლა წარმომადგენელთა პალატაში გადაიგზავნება. კანონპროექტში გათვალისწინებულია 60 მილიარდი დოლარის გამოყოფა უკრაინისთვის, 14 მილიარდი დოლარით ისრაელის უსაფრთხოების დაფინანსება, ღაზის სექტორის, დასავლეთ სანაპიროს და უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის ცხრა მილიარდის გამოყოფა, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის მოკავშირეების, კერძოდ, ტაივანის მხარდასაჭერად კი 4 მილიარდ რვაასი მილიონის გამოყოფა. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის სენატში გამართულ კენჭისყრას მიესალმება და აცხადებს, რომ აშშ-ის დახმარება უკრაინაში ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას უწყობს ხელს.