მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის გამრავლება დადგენილი მოთხოვნების დარღვევით, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას - 2000 ლარის ოდენობით,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატების ავტორობით ინიცირებულ “შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტშია ნათქვამია.
კანონპროექტით მომეტებული რისკის მქონე ძაღლის 30 ჯიშია განსაზღვრული, კონკრეტულად: ამერიკული პიტ ბულ ტერიერი ტოსა ინუ; ფილა ბრაზილეირო; ბულტერიერი; ამერიკული სტაფორდშირის ტერიერი; არგენტინული დოგი; ტოსა ინუ; ამერიკული ბულდოგი; კანგალი; კანე კორსო; დობერმანი; კავკასიური ნაგაზი; შუააზიური ნაგაზი; აღმოსავლეთ ევროპული ნაგაზი; ბერძნული ნაგაზი; კრაშის ნაგაზი; გერმანული ნაგაზი; რუმინული ნაგაზი; მასტიფები; ბორდოული დოგი; კანარის დოგი; როტვეილერი; რიზენშნაუცერი; ლეონბერგერი; მარემა; მოსკოვური საყარაულო; კა-დე-ბო (მალიორკის მასტიფი); სტაფორდშირ ბულ ტერიერი; ბანდოგი; გულდონგი; მგლის ჰიბრიდები.
ამასთან, თვრამეტ თვემდე და ან რვა წლის ან მეტი ასაკის ძაღლების გამრავლება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;
შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) გამრავლება ცხოველის ჯანმრთელობისა და ჯიშიანობის და გამრავლებაზე ვარგისიანობის ცნობის გარეშე გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით;
ნარევი (მეტისი) ჯიშის (გარდა სელექციის შემთხვევისა) ან არარეგისტრირებული ან გენეტიკური დაავადების მქონე ძაღლის ან/და კატის გამრავლება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით;
შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) გამრავლება “შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონით დადგენილი ავტორიზაციის გარეშე გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით;
მთავრობის მიერ დადგენილი პოტენციურად მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის იმპორტის, გამრავლების თაობაზე აკრძალვისა და დროებითი შემოყვანის წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.