მიმდინარე წლის იანვარში, გასული წლის იანვართან შედარებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 78%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათივე ცნობით, იანვარში, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით 151 939 მგზავრმა ისარგებლა. 2023 წლის იანვარში ეს მაჩვენებელი 85 338 იყო. როგორც აეროპორტების გაერთიანებაში განმარტავენ, მგზავრთნაკადის გარდა, წლის დასაწყისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიარეისების რაოდენობაც გაიზარდა. იანვარში, გასული წლის იგივე თვესთან შედარებით რეისების რაოდენობა 66%-ით გაიზარდა და ერთ თვეში აეროპორტი 486 რეისს მოემსახურა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 20 ქვეყნის 39 მიმართულებით სრულდება.