ქართული ღვინის საექსპორტო ფასი გაიზარდა. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კოვიდპანდემიის პერიოდში ღვინის ფასის კლების შემდეგ, 2023 წელს საექსპორტო ფასის ზრდა პირველად დაფიქსირდა. სააგენტოში ამბობენ, რომ ქართული ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავლების ზრდის ბოლო წლების ტენდენცია შარშანაც შენარჩუნდა. მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტირებულია 259 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3%-ით აღემატება. რაოდენობრივად კი ექსპორტირებულია 89,5 მილიონი ლიტრი ღვინო. კლებამ, 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 12% შეადგინა. რაოდენობრივი შემცირების ფონზე, ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების მატება განპირობებულია ქართული ღვინის საექსპორტო ფასის ზრდით, რაც წარმოადგენს უმთავრეს განმსაზღვრელ მაჩვენებელს. როგორც უკვე გითხარით, კოვიდპანდემიის პერიოდში ღვინის ფასის კლების შემდეგ, 2023 წელს საექსპორტო ფასის ზრდა პირველად დაფიქსირდა. თუ 2022 წელს 1 ლიტრი ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი 2.48 დოლარი იყო, 2023 წელს ფასი 2.89 დოლარი გახდა. ექსპორტიდან შემოსავლების ზრდა აღსანიშნავია ისეთ სტრატეგიულ ბაზრებზე, როგორიც არის კორეის რესპუბლიკა - 60%, გერმანია - 43%, აშშ - 6%, პოლონეთი - 3% და იაპონია- 1%. მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა სპირტიანი სასმელების ექსპორტის მაჩვენებელში. მსოფლიოს 54 ქვეყანაში ექსპორტირებულია 196,2 მილიონი დოლარის ღირებულების 31,5 მილიონი ლიტრი სპირტიანი სასმელები. ამ ნაწილში შემოსავლები 42%-ით, ხოლო ექსპორტი 55%-ით არის გაზრდილი. ღვინისა და ვაზის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, ღვინის გლობალური მოხმარება მცირდება. 2017-2022 წლების მდგომარეობით ,ღვინის მოხმარება შემცირებულია საშუალოდ, 6% პროცენტით. თუმცა აქაც უნდა გავყოთ პრემიუმ ღვინის სეგმენტი, სადაც ფასი ერთ ბოთლზე 10 დოლარი ან მეტია, ამ ნაწილში მოხმარება გაზრდილია. მნიშვნელოვნად შემცირებულია დაბალფასიანი ღვინის მოხმარება, რომლის ღირებულება ერთ ბოთლზე 10 დოლარზე ნაკლებს შეადგენს.