გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქალაქ ბერლინში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში FRUIT LOGISTICA 2024 თერთმეტმა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.
ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნატალია ხარატიშვილმა და გერმანიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან იზორიამ ქართულ სტენდზე წარმოდგენილი პროდუქცია დაათვალიერეს.
„სოფლის განვითარების სააგენტო სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის ყველა ეტაპისთვის ახორციელებს ფერმერთა მხარდამჭერ პროექტებს და აქტივობებს; მათ შორის, საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის ხელშეწყობის მიმართულებით, რაც კარგი შესაძლებლობაა ქართული აგროპროდუქციის პოპულარიზაციისა და ახალ ბაზრების ათვისებისთვის“,- განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ნატალია ხარატიშვილმა.
გერმანიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ლევან იზორიას განცხადებით, მნიშვნელოვანია ქართველი მეწარმეების მონაწილეობა მეხილეობის დარგის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოფენაში.
„ქალაქ ბერლინში მიმდინარე მეხილეობის საერთაშორისო გამოფენაზე წელს უკვე 11 ქართული კომპანიაა წარმოდგენილი. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მოცვს აქვს ევროპის ბაზარზე გასაღების მეტი შანსი, გაზრდილია მოთხოვნაც. სასიხარულო ფაქტია, რომ მოცვის მწარმოებელი ბევრი კომპანიაა გამოფენაზე წარმოდგენილი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან”, - აღნიშნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ლევან იზორიამ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, გამოფენაზე FRUIT LOGISTICA 2024 წელს წარმოდგენილი იყო ლურჯი მოცვის, ჟოლოს, თხილეულისა და სუნელების მწარმოებელი ის კომპანიები, რომელთა პროდუქტებიც ევროკავშირის სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.
„ქართული სტენდზე საკუთარ პროდუქციას წარმოადგენენ კომპანიები: შპს „აგროლეინი“, შპს „ბლუბერდი“, შპს „გოლდენ ფარმსი“, შპს „კოლხური მოცვი“, შპს „აშქი აგრო“, შპს „ქალაქური“, შპს „ბლუ ველი“, შპს „აგრითაჩი“, შპს „გრინ ველი“, შპს FCO, შპს „დაბი“.
FRUIT LOGISTICA ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენაა და წარმოადგენს დიდ გლობალურ პლატფორმას ე.წ Fresh და მშრალი ხილის მწარმოებელთათვის. გამოფენას, ყოველწლიურად 63,000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. წელს გამოფენაში მონაწილეობა 100-მა ქვეყანამ და სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედმა 2,600-მდე ადგილობრივმა და საერთაშორისო კომპანიამ მიიღო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.