2022 წლიდან დღემდე, დედაქალაქის ტერიტორიაზე ვანდალიზმის ფაქტები მხოლოდ 9 მისამართზე დაფიქსირდა.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიამ ათივე რაიონული გამგეობის მიერ მიწოდებული მონაცემებზე დაყრდნობით, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის საფუძველზე აცნობა.
აქედან, ვანდალიზმის 8 შემთხვევა ისანი-სამგორზე მოდის, რა დროსაც ძირითადად სკვერებსა და პარკებში არსებული ინფრასტრუქტურა დაზიანდა.
ამასთან, მთაწმინდის რაიონული გამგეობის ცნობით, ვანდალიზმის ფაქტები 2023 წლის 7-9 მარტს რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მსვლელობისას დაფიქსირდა, რა დროსაც დაზიანდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის ბალანსზე რიცხული ქონება, კერძოდ, 50 ცალი საბაზე სკამი წარწერით „მთაწმინდა“.
რაიონული გამგეობები განმარტავენ, რომ ვანდალიზმის ფაქტების ყველა შემთხვევა ეცნობა შინაგან საქმეთა სამინისტროს და მათზე მოკვლევა მიმდინარეობს.
„ზემოაღნიშნულ მისამართებზე დაფიქსირებული ვანდალიზმის ფაქტები ეცნობა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოკვლევა.
გარდა მითითებული მისამართებისა, ისნისა და სამგორის რაიონის ტერიტორიაზე ახლადმოწყობილ სკვერებში ხშირია ვანდალიზმის ფაქტები. აზიანებენ როგორც საპარკე ინვენტარს, ასევე, საბავშვო მოედნებს. ვინაიდან, კონკრეტული პიროვნებების იდენტიფიცირება ვერ ხერხდება, კონტრაქტორი კომპანიები
ხელშეკრულების საგარანტიო ვადის ფარგლებში, საკუთარი ხარჯებით ახდენენ აღნიშნული დეფექტების გამოსწორებას“,- ნათქვამია ისნისა და სამგორის რაიონული გამგეობების განცხადებაში.