ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 117-ე შეხვედრა გაიმართება. ქართული მხარის წარმომადგენლები შეხვედრაზე ოკუპირებული ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებას და „ბორდერიზაციის“უკანონო პროცესის შეჩერებას მოითხოვენ. ბოლო შეხვედრა ერგნეთში გასული წლის 13 დეკემბერს გაიმართა და მასზე სოფელ კირბალის სალოცავთან, ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობა განიხილეს. ამ საკითხზე დისკუსია, სავარაუდოდ, დღევანდელ შეხვედრაზეც გაგრძელდება. ოფიციალური თბილისი მკვლელების დასჯას მოითხოვს. ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. თანათავმჯდომარეები ევროკავშირის, ეუთო-ს და გაერო-ს სპეციალური წარმომადგენლები არიან. შეხვედრებში საქართველოს ხელისუფლების, აშშ-ის, რუსეთის და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები მონაწილეობენ.