აშშ-ის სენატში უკრაინისა და ისრაელისთვის ფინანსური მხარდაჭერის პაკეტის დამტკიცებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს. „სიენენი“ ინფორმაციით, საქმე ეხება პროექტს, რომელიც, საერთო ჯამში, 95,3 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. გამოცემის ცნობით, სენატში გამართული კენჭისყრისას ფინანსურ პაკეტს მხარი 67-მა კანონმდებელმა, მათ შორის 18-მა რესპუბლიკელმა დაუჭირა. მედიის ცნობით, კენჭისყრის შედეგი მიუთითებს, რომ ტრამპის წინააღმდეგობის მიუხედავად, უკრაინისა და ისრაელის ფინანსურ დახმარებას რესპუბლიკელები მაინც ემხრობიან. ცნობისთვის, სენატში კანონის საბოლოო დამტკიცების შემთხვევაში, მას კენჭი წარმომადგენელთა პალატამაც უნდა უყაროს, სადაც უმრავლესობას სწორედ რესპუბლიკელები ფლობენ.