დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანამ დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელების წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო ისრაელის ოთხ მოქალაქეს სანქციები დაუწესა. გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ კამერონის განცხადებით, ისრაელის მოქალაქე ექსტრემისტი ახალმოსახლეები ხშირად პალესტინელებს იარაღის გამოყენებით ემუქრებიან და საკუთარი მიწის დატოვებას აიძულებენ. მისი თქმით, ქმედება უკანონოა და ისრაელმა ახალმოსახლეების ძალადობის შესაჩერებლად უფრო მკაცრად უნდა იმოქმედოს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაწესებული სანქციები მკაცრ ფინანსურ და სამოგზაურო შეზღუდვებს ითვალისწინებს.