უკრაინის ნატო-ში შესვლა ევროპის თავდაცვის გაძლიერებას ხელს არ შეუწყობს, ამიტომ უკრაინა რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის ბუფერულ ზონად უნდა იქცეს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
მისი თქმით, ნატო-ს შემადგენლობაში უკვე შედიან დასავლეთ ევროპის ქვეყნები, რომლებიც, სავარაუდოდ, რუსებზე ბევრად ძლიერები არიან. ამიტომ, ვიქტორ ორბანს მიაჩნია, რომ კრემლი ვერ გაბედავს ალიანსის რომელიმე წევრზე თავდასხმას. თუმცა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ რუსეთი გააგრძელებს უკრაინაზე მუდმივ თავდასხმას და მისი ახალი ნაწილების მითვისებას, თუ კიევი ვერ შეასრულებს ბუფერის როლს. მისი თქმით, მოსკოვი არ მოითმენს მის ზღურბლთან ისეთი სახელმწიფოს არსებობას, რომელიც ევროკავშირისა და ნატო-ს წევრია.
ვიქტორ ორბანი თვლის, რომ ევროპა არ არის იმ მდგომარეობაში, უკრაინას საკმარისი იარაღი მიაწოდოს, ამიტომ აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება. ამასთან, ის მიიჩნევს, რომ უკრაინას, როგორც ბუფერულ სახელმწიფოს, უსაფრთხოების შესაბამისი გარანტიები უნდა მიეცეს.