ისრაელმა ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში მდებარედ ქალაქ რაფაჰს დაარტყა, რის შედეგადაც მინიმუმ 37 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა, - ინფორმაციას Reuters-ი ჯანდაცვის ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, სააგენტოსთან საუბარში ადგილობრივებმა განაცხადეს, რომ ძლიერმა დაბომბვამ ქალაქში პანიკა გამოიწვია. Reuters-ი იუწყება, რომ ისრაელმა დარტყმები თვითმფრინავების, ტანკებისა და გემების გამოყენებით განახორციელა, ადგილობრივები აცხადებენ, რომ ისრაელელმა სამხედროებმა ორ მეჩეთსა და რამდენიმე სახლს დაარტყეს.
თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კვირას ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ტელეფონით ესაუბრა და განუცხადა, რომ ისრაელმა არ უნდა დაიწყოს სამხედრო ოპერაცია რაფაჰში სანდო გეგმის გარეშე, რომელიც უზრუნველყოფს იქ მყოფი დაახლოებით 1 მილიონი ადამიანის უსაფრთხოებას.
მანამდე, რამდენიმე ქვეყანამ და დახმარების ორგანიზაციამ ისრაელი გააფრთხილა, რომ რაფაჰზე თავდასხმა კატასტროფული იქნება.
განცხადება გაავრცელა ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, სადაც აღნიშნულია, რომ რაფაჰზე ისრაელის სამხედრო თავდასხმას საშინელი შედეგები მოჰყვება.