ისრაელის სახმელეთო შეტევა ქალაქ რაფაჰში ნიშნავს მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებების განადგურებას, რომელიც კვირების განმავლობაში მიმდინარეობს, - ტელეკომპანია „ალ-აქსას“ ინფორმაციით, ამის შესახებ „ჰამასის“ ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა განაცხადა.
„ნეთანიაჰუ ცდილობს, თავი აარიდოს მძევლების გაცვლის შესახებ შეთანხმების ვალდებულებებს გენოციდის და ახალი ჰუმანიტარული კატასტროფის ჩადენით“, - ციტირებს „ალ-აქსა“ წყაროს.
რაფაჰში ისრაელის მხრიდან მოსალოდნელი სახმელეთო შეტევის ფონზე, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პარასკევს სამხედროებს დაავალა, ქალაქიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაეგეგმათ.
ამასთან, ABC-სთან ინტერვიუში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, ნეთანიაჰუმ რაფაჰს „ჰამასის“ „უკანასკნელი ბასტიონი“ უწოდა და განაცხადა, რომ ისრაელი „ამუშავებს დეტალურ გეგმას“ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის უსაფრთხო გასასვლელის უზრუნველსაყოფად.
რაფაჰში მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ამ ტერიტორიაზე ისრაელელი სამხედროები, ჯერჯერობით, არ შესულან.