შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 20 პირი, 1 კი მხილებულია. საგამოძიებო მოქმედებებში ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლები იყვნენ ჩართული. ბოლო პერიოდში ქვეყნის სხვადახვა რეგიონში ჩატარებული ოპერაციების შედეგად ნივთმტკიცებების სახით ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები, ათობით მჭიდი და ასობით ვაზნა. დაკავებულებს შორის არიან წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირებიც. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.